სიახლეები
-
01 ივნისი 2017თქვენი რეკლამა
სამშენებლო სექტორს, შესაძლოა სერტიფიცირებული მასალების შეძენის ვალდებულება დაეკისროს
ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამშენებლო სექტორს სერტიფიცირებული მასალების შეძენის ვალდებულება ექნება. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიების სამმართველოს უფროსმა მარიტა არაბიძემ განუცხადა.
"როდესაც სერტიფიცირების სისტემა დაინერგება, აუცილებელი იქნება, რომ სერტიფიცირებული მასალა შეიძინონ. ამ მასალის ფასებზე რომ მიდგება საქმე, აუცილებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მასალის შემოტანა, ან ადგილობრივი წარმოება, რომელიც კონკურენტული იქნება", - განაცხადა არაბიძემ და აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის ის უწყება, რომელიც მსგავს სერტიფიკატს გასცემს.
"უნდა იყოს უწყება, ან ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეც შეიძლება, შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ამ სერტიფიკატს გასცემს, რადგან ეს უფრო მარტივად განსახორციელებელია თავისი ლაბორატორიებით და ა.შ“, - განმარტა მარიტა არაბიძემ და დასძინა, რომ სერტიფიცირების ნაწილში ევროდირექტივის თანახმად შესასრულებელი ვალდებულებები საქართველოს 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის ექნება.
რაც შეეხება ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმას, ამ ეტაპზე არსებული ვარიანტი ენერგეტიკის სამინისტრომ კერძო სექტორს უკვე გააცნო, თუმცა დოკუმენტში შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს საბოლოო ცვლილებები შეაქვთ, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გასაჯაროვდება.



