საჯარიმო სანქციებისაგან შესაძლოა, გათავისუფლდნენ ის სამართალდამრღვევები, რომლებმაც მრავალსართულიან კორპუსებზე დაშენებები ან მიშენებები, ასევე სხვენებში ოთახები ან სათავსოები მოაწყეს.
საქმე ეხება 2007 დან 2015 წლამდე უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებულ მშენებლობებს.
საკანონმდებლო ინიციატივას დღეს მხარი ერთხმად დაუჭირა ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. ინიციატივა გრიგოლ ლილუაშვილმა წარადგინა.
„დაუსრულებელი მიშენებების-დაშენებებისა და სამერცხლეებში (სხვენებში) წარმოებული მშენებლობების გამო, დაგროვებულია საჯარიმო სანქციები თითოზე 4 ათასიდან-8 ათას ლარამდე. მოხდება ჯარიმების ანულირება იმ პირობით, თუ სუბიექტები მოახერხებენ მდგრადობის დასკვნის წარმოდგენას. ეს პრობლემა ყველაზე მეტად თბილისს ეხება, ასეთ შემთხვევაში განახორციელებს დადასტურებას, რაც ავტომატურად ნიშნავს ამ ფართების ლეგალიზებას. ეს ადამიანები ვერ ახერხებენ დარიცხული ჯარიმების გადახდას და შენობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას. თუ დემონტაჟი განხორციელდება ფიზიკური პირის მიერ ეს შეიძლება უფრო მეტი საფრთხის მომტანი იყოს გარემოსა და იქ მცხოვრებლებისთვის, ვიდრე აღნიშნული ფართების დაკანონება და რეალიზაცია", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
რატომ ეხება “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” შესატანი ცვლილებები მხოლოდ 2007-2015 წლების პერიოდს კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასეა ახსნილი:
"აღნიშნული კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა მიერ სამშენებლო სამუშაოები: შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია ნაწარმოებია 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით სანებართვო პირობების/დასტურის დარღვევით ან უნებართვოდ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თარიღი შერჩეულია იმგვარად, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ დარღვევის იდენტიფიცირების პროცესში გამორიცხულ იქნას ცდომილებები და არ გაჩნდეს სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესაძლებლობა, ამასთან, მითითებულ თარიღებში ექცევა მშენებლობები, რომელთა გამოსწორების სამართლებრივი მექანიზმიც მოცემულ ეტაპზე არ არსებობს, რადგან 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული სამშენებლო სამართალდარღვევების გამოსწორების მექანიზმი გათვალისწინებულია „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით, ხოლო 2015 წლის 20 აპრილს გაუქმდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ წერილობით დადასტურების წესი.
ეკატერინე კოპალიანი ( საზოგადოებრივი ტელევიზია 1TV.Ge )