მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 30  მაისი  2017

    “მზიურში” მასშტაბური მშენებლობები არ უნდა განხორციელდეს

    თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას საქალაქო პარკის მოსაწყობად „მზიურის“ ტერიტორიას სთავაზობს. მათი რეკომენდაციით, საპარკო ფუნქცია რომ არ დაიკარგოს, იქ რაიმე სახის მასშტაბური მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.


    ​როგორც „სითი კვირას“ არქიტექტორმა, გენგეგმის ჯგუფის წევრმა გოგი აბაშიძემ განუმარტა, გენგეგმა ზოგადი დოკუმენტია, ის კონკრეტულ პროექტებს არ ადგენს, თუმცა, მდინარე ვერეს ხეობა და მიმდებარე ტერიტორიები, მათ შორის “მზიური”, გენგეგმაში ასახულია საქალაქო პარკის სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ უნდა იყოს პარკი, რომელიც მოემსახურება, როგორც ქალაქის მოსახლეობას, ასევე გარკვეულწილად მოაგვარებს იმ პრობლემას, რომელიც მწვანე სივრცეების და ტერიტორიების ნაკლებობას გულისხმობს დედაქალაქში.
    ​მისივე თქმით, ამ ტერიტორიის განსავითარებლად თბილისის მერიამ კონკურსი გამოაცხადა, არსებობს გამარჯვებული. პროექტი, რომელსაც გენგეგმის ჯგუფი გაეცნო, მეტნაკლებად მისაღებია, საჭიროა მისი დამუშავება და ამ პარკის აღდგენა-მოწყობა იმ ფორმით, რაც ქალაქისთვისაა აუცილებელია.


    „კონკურსი გამოცხადდა ვერეს ხეობის რეკრეაციულ ზონად განვითარების პირობით. დღევანდელი მდგომარეობით, მერიასა და საკრებულოში რამდენიმე განაცხადია შესული, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა პირები მასშტაბურ მშენებლობებზე ნებართვებს ითხოვენ, მათ შორის, “მზიურში” არსებულ კერძო ტერიტორიაზე, რაც ჩვენი აზრით, აღნიშნული არეალის საპარკო ზონად გადაქცევას რეალურ საფრთხეს შეუქმნის. შესაბამისად, გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციაა, ტერიტორია განვითარდეს საქალაქო პარკის სახით და მასში უხეში ჩარევები არ განხორციელდეს“, – განაცხადა აბაშიძემ.


    ​მისივე ინფორმაციით, გენგეგმის ჯგუფი პარკის მოსაწყობად, პირველ რიგში განიხილავს “მზიურის” იმ ტერიტორიას, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანდა, ასევე განაშენიანებულ ტერიტორიას, რომელიც ჯერჯერობით ზოოპარკს ეკუთვნის. ხოლო მას შემდეგ, რაც თბილისის ზოოპარკი ახალ ტერიტორიაზე სრულად გადავა, შესაძლებელი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში ქალაქის ცენტრალური პარკიც გაჩნდეს.


    ​”მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ ამ პარკს გააჩნია დამატებითი ტერიტორიების და დამატებითი არეალების გამოყენების საშუალება, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პარკმა თავისი ღირებულება და ფასი არ დაკარგოს, მნიშვნელოვანია შენარჩუნებული იყოს ის რესურსი და განვითარების პოტენციალი, რაც მას დღეისათვის გააჩნია მიმდებარე ტერიტორიების სახით. გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციაა მოცემული ტერიტორია პარკის სახით განვითარდეს და თუ იქნება გათვალისწინებული რაიმე მშენებლობა, ის უნდა შეესაბამებოდეს სწორედ საპარკე ინფრასტრუქტურის ობიექტებს“, – მიაჩნია არქიტექტორს.

     

     

     

     


პარტნიორები