სიახლეები
-
27 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
მსოფლიოში პირველი სუპერტელესკოპის მშენებლობა დაიწყო
მეცნიერები კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდებიან სამყაროს შიდა-მოქმედების პრინციპის უკეთ გარკვევას — მსოფლიოში უდიდესი ოპტიკური და ინფრაწითელი ტელესკოპის მშენებლობა იწყება.
39 მეტრი დიამეტრის მქონე სარკით, უკიდურესად დიდი ტელესკოპი Extremely Large Telescope (ELT)), როგორც მისი სახელიდანაც ჩანს, უზარმაზარი იქნება. ყველა სხვა წინამორბედისგან განსხვავებით, ELT ადაპტირებადი ტელესკოპი იქნება და შესაძლებლობა ექნება შეასწოროს ატმოსფერული ტურბულენტობა, რაც ტელესკოპების ინჟინერიაში სრულიად ახალი საფეხურია.
მშენებლობის დაწყება სპეციალური ცერემონიით აღინიშნა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის (ESO) პარანალის რეზიდენციაში. სწორედ ამ ადგილის სიახლოვეს, სერო-არმასონესის მთის წვერზე, ზღვის დონიდან 3046 მეტრ სიმაღლეზე აშენდება მომავალი გიგანტური ტელესკოპი.
ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს შორის, პროექტის მნიშვნელობას იმითაც გაესვა ხაზი, რომ ცერემონიას დაესწრნენ ESO-ს გენერალური დირექტორი ტიმ დე ზეუ და ჩილეს პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი.
უკიდურესად დიდ ტელესკოპს ააშენებს ევროპის სამხრეთული ობსერვატორია — საერთაშორისო თანამშრომლობა, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საბჭო. პროექტში გადამწყვეტ როლს თამაშობენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები; ისინი პასუხისმგებელნი არიან ტელესკოპის სპექტროგრაფის დაპროექტებასა და აშენებაზე. ამ ინსტრუმენტს HARMONI ეწოდა და მას შესძლებლობა ექნება ერთდროულად გადაიღოს 4000 ფოტო, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან ოდნავ განსხვავებულ ფერში. ტელესკოპის ადაპტირებადი ოპტიკა აღიჭურვება ხილული და თითქმის ინფრაწითელი ინსტრუმენტით, რაც უკიდურესად მკვეთრ ფოტოებს უზრუნველყოფს.
HARMONI მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს გადაიღონ სამყაროში არსებული ობიექტების ფორმაციისა და განვითარების უფრო დეტალური სურათები. გარდა ამისა, მკვლევრები შესძლებენ უპრეცედენტო სიღრმითა და სიზუსტით დააკვირდნენ ყველაფერს, დაწყებული მზის სისტემის პლანეტებით, ჩვენი გალაქტიკისა თუ ახლომდებარე სხვა გალაქტიკების ვარსკვლავებით დამთავრებული; თვალი ადევნონ შორეული გალაქტიკების ფორმაციასა და ევოლუციას ისეთი სიზუსტით, როგორი შესაძლებლობაც აქამდე არასოდეს ჰქონიათ.
„ჩემთვის, ELT წარმოადგენს დიდ ნახტომს შესაძლებლობების მიმართულებით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მას გამოვიყენებთ სამყაროს მრავალი მიმზიდველი საიდუმლოს გამოსააშკარავებლად, აღმოვაჩენთ ბევრ ისეთ რამეს, რის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით“, — ამბობს ნირანჯან თათე, პროექტის მთავარი მკვლევარი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის პროფესორი.
„ELT-ში ყველაზე დიდ აღფრთოვანებას მგვრის ის ფაქტი, რომ ის არის „იდუმალის კვლევის“ ელემენტი. ის იქნება საინჟინრო მიღწევების გვირგვინი, მისი ზომისა და სინათლის დაჭერის შესაძლებლობების ფონზე, ჯუჯად მოგვეჩვენება ყველა ის ტელესკოპი, რომელიც ამჟამად გააჩნია კაცობრიობას“.
ცერემონიის მსვლელობისას დალუქეს ESO-ს ჯგუფის მიერ შექმნილი სამახსოვრო კაფსულა, რომელიც მიეძღვნა პროექტის ამბიციათა ხსოვნას. კაფსულაში მოთავსდა წიგნი, რომელშიც აღწერილია ტელესკოპის სამეცნიერო მიზნები, ჯგუფის იმ წევრთა ფოტოსურათები, რომლებიც მშენებლობაში გადამწყვეტ როლს შეასრულებენ და თავად ტელესკოპის ვიზუალის ამსახველი პოსტერი. სამახსოვრო კაფსულა დაიფარა Zerodur-ის მიერ გრავირებული ექვსკუთხედით — ტელესკოპის ძირითადი სარკის მოდელით.
„უკიდურესად დიდი ტელესკოპი შემოგვთავაზებ მრავალ ისეთ აღმოჩენას, რომელთა წარმდგენაც დღეს უბრალოდ არ შეგვიძლია. იგი მთელ მსოფლიოში შთააგონებს მრავალ ადამიანს, იფიქრონ მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე და ჩვენს ადგილზე სამყაროში. ეს იქნება უდიდესი სარგებელი ESO-ს წევრი სახელმწიფოებისათვის, ჩილესთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის“, — ამბობს ESO-ს გენერალური დირექტორი ტიმ დე ზეუ.
ტელესკოპის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება და როგორც ვიზუალიზაციის სურათებზეც ჩანს, სრულიად „არაამქვეყნიური“ იქნება.
ოფიციალური წყარო: https://phys.org/news/2017-05-world-super-telescope.html
გამოქვეყნებულია: http://1tv.ge/ge/news/view/162625.html
,,Construction begins on the world's first super telescope"