სიახლეები
-
საქართველოში მშენებარე სამი სასტუმრო Marriott-ის უმაღლესი კლასის Autograph Collection–ის ბრენდის ქვეშ ერთიანდება
2016 წლის 20 მაისს საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ Marriott შორის შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის,
მედიის, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტებით Marriott-ის დაინტერესების მნიშვნელობა შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სულ მალე საქართველოს შეემატება უმაღლესი კლასის სასტუმროები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის იმიჯზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ფარგლებში, საქართველოში შემოდის Marriott-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამეულში შედის. როგორც ფონდში აცხადებენ, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ქვეყანა არათუ სტაბილურად ვითარდება, არამედ სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება საერთაშორისო ბიზნესისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ კატეგორიის ბრენდი შემოდის ერთდროულად სამ სასტუმროში:
პროექტ პანორამა თბილისის ფარგლებში, დედაქალაქში დაგეგმილი 2 სასტუმროს - სასტუმრო ,,სოლოლაკის“ და სასტუმრო ,,თავისუფლების მოედანზე“ - პროექტებსა და უკვე დასრულების ეტაპზე მყოფ შეკვეთილის სასტუმრო და სპა კომპლექსში, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $365 მილიონი ამერიკული დოლარია. სასტუმროების მშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ იქმნება 1200 მუდმივი სამუშაო ადგილი.





