მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მაისი  2017

    მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები

    თბილისის მოსახლეობა, ექსპერტები, გარემოსდამცველები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი შენობა შენდება და ძირითადად, მწვანე საფარის ხარჯზე.

    საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემას არეგულირებს საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს მთავრობის დადგენილება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ".

    დედაქალაქში ნებისმიერი სახის მშენებლობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის აღება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურშია შესაძლებელი. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა რაოდენობით და რა სახის მშენებლობაზე გაიცემა ნებართვა თბილისში. მერიიდან ჩვენ 2014-2017 წლის მონაცემები გამოვითხოვეთ. მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

    მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 2014-2017 წლებში ასე გამოიყურება:
    2014 წელს 4865 ნებართვაა გაცემული, აქედან ფიზიკურ პირზე - 4306, იურიდიულ პირზე - 559
    2015 წელი: სულ გაცემულია - 5126 ნებართვა, აქედან ფიზიკურ პირზე - 4510, იურიდიულზე - 616
    2016 წელს სულ გაცემულია 6142 ნებართვა, ფიზიკურ პირზე - 5491; იურიდიულ პირზე - 751
    2017 წლის რამდენიმე თვეში სამსახურმა 1298 ნებართვა გასცა, აქედან ფიზიკურ პირზე - 1140, იურიდიულზე - 158
    აღნიშნულ სტატისტიკაში შედის სხვადასხვა სახის ნებართვა, როგორიცაა: ნებართვა ახალ მშენებლობაზე, დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, შეთანხმებული პროექტის ცვლილება, ნებართვის გაგრძელება და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები.

    არქიტექტურის სამსახური ნებართვებს გასცემს შემდეგი ტიპის მშენებლობებზე: საცხოვრებელ ობიექტებზე, სავაჭრო დაწესებულებებზე, სპორტულ კომპლექსებზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო ობიექტებზე, საინჟინრო ნაგებობაზე და კომუნალურ ობიექტებზე, კულტურისა და დასვენების ობიექტებზე, ასევე კვების დაწესებულებებზე და ა.შ.

    რაც შეეხება, საცხოვრებელ ობიექტებს, ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვები ოთხ ნაწილად იყოფა: ინდივიდუალური, საერთო საცხოვრებელი, ინდივიდუალური ორბინიანი და მრავალბინიანი მშენებლობები.

     

    ამასთან, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას შენობის დემონტაჟზე. 2014 წელს 126 შენობის დემონტაჟზეა გაცემული ნებართვა, 2015 წელს - 79-ის, ხოლო 2016 წელს - 74-ის. რაც შეეხება 2017 წელს, 4 თვის მონაცემებით შენობის დემონტაჟზე 26 ნებართვაა გაცემული.

    ტექსტი: ლიკა ამირაშვილი; ინფოგრაფიკა: ნარიტა ჩხაიძე

    AMBEBI.GE 


პარტნიორები