მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  მაისი  2017

    უნებართვოდ ნაწარმოები სამშენებლო საქმიანობის სუბიექტები შესაძლოა საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლდნენ

    უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით ნაწარმოები სამშენებლო საქმიანობის - შენობა- ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქციის სამართალდარღვევის სუბიექტი შესაძლოა საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.

    კანონპროექტით სტიმულირდება სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორება დამრღვევი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების გზით, ამასთან, იქმნება ნაწარმოები მშენებლობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის კანონისმიერი ბერკეტი.

    კანონპროექტით განისაზღვრება უნებართვოდ ან სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისთვის იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების დროებითი 1 წლიანი მექანიზმი, რომელთა მიერ სამშენებლო საქმიანობა: შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია განხორციელებულია ისე, რომ შეუძლებელია უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა, რაც შეიძლება გახდეს სამშენებლო დოკუმენტიაში დასაშვები ცვლილებების ან/და ახალი ნებართვის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

    „ამდენად, სამართალდამრღვევი სუბიექტების მიერ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილი მათი განცხადება ხდება საფუძველი, რათა მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ, დამრღვევის მიერ შესაბამისი დარღვევისათვის გამოცემული აქტისა და ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობის დადასტურების შესახებ შესაბამისი საექსპერტო დასკვნისა და განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ დასკვნის წარდგენის შემდეგ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილოს საკითხი და წერილობით დაადასტუროს დარღვევით განხორციელებული მშენებლობა, უკვე წარმოებული მშენებლობის გათვალისწინებით ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში”, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

    კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა მიერ სამშენებლო სამუშაოები: შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია ნაწარმოებია 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით სანებართვო პირობების/დასტურის დარღვევით ან უნებართვოდ.

    კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს შეამცირებს საშუალოდ 1 360 000 ლარით.

    კანონპროექტის ინიციატორები ილია წულაია და გრიგოლ ლილუაშვილი არიან.

     

     

     


პარტნიორები