სიახლეები
-
17 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
გორში გურამიშვილისა და ამილახვრის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო
სამუშაოები დღეს გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა დაათვალიერა.
მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს გურამიშვილის ქუჩის 550 მეტრიანი მონაკვეთისა (ჭავჭავაძის ქუჩიდან თამარ მეფის ქუჩამდე) და გადამკვეთი ამილახვრის ქუჩის 185 მეტრიანი მონაკვეთის (გურამიშვილის ქუჩიდან სამეფო ქუჩამდე) სატრანსპორტო ნაწილის სრულ რეაბილიტაციას. ამილახვრის ქუჩაზე დამატებით რეაბილიტირდება საფეხმავლო სივრცეებიც, რომლებიც ადაპტირდება შშმ პირთა სარგებლობისათვის.
გურამიშვილისა და ამილახვრის ქუჩები გორის მაგისტრალური ქუჩებია. ასფალტის საფარის დაზიანების გამო მათზე სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება გართულებული იყო, რაც ზრდიდა ავტომობილებიდან მავნე გამონაბოლქვის ოდენობას და იწვევდა მძღოლების უკმაყოფილებას.
გურამიშვილის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე 2014 წელს განხორციელდა ქუჩის მიმდებარე საფეხმავლო სივრცეებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. 2015 წელს კი - ქუჩის მეორე ნაწილის სრული რეაბილიტაცია სატრანსპორტო და საფეხმავლო ნაწილებისა და სანიაღვრე არხების ჩათვლით.
მიმდინარე პროექტის მთლიანი ღირებულებაა 444 000 ლარია, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1“ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია პროექტის განხორციელება 4 თვის ვადაში დაასრულოს..