მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  მაისი  2017

    შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

    შპს "კაფსულომ" კახეთის გზატკეცილზე ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო. როგორც ქარხნის ხელმღვანელი ბეჟან გურგენიძე „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, კომპანიამ უკვე მიიღო თბილისის მერიისგან როგორც მშენებლობის ნებართვა, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ). მისი განმარტებით, მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ის სავარაუდოდ, 2-3 თვეში დასრულდება.

    მისი განმარტებით, კომპანია შპს „კაფსულო" პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს. გურგენიძე აცხადებს, რომ კომპანია წლის ბოლომდე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს.მისივე განცხადებით, ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა.

    როგორც გურგენიძე განმატავს, პროექტში მშენებლობის პროცესზე და დასრულების ვადაზე უფრო მნიშვნელოვანი ყავის ხარისხი, ტექნოლოგია და მასზე მომუშავე კვალიფიციური კადრია. „უცხოელებმაც ბევრმა არ იციან ეს ტექნოლოგია და ვინც იცის, სურვილი არ აქვს გაზიარების. რაღაცეების ჩვენ ჩვენით ვსწავლობთ. თანამშრომლებს ტრეინინგებზე და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პერიოდულად ვაგზავნით ხოლმე ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში"-აცხადებს გურგენიძე.

    „კომერსანტის" კითხვაზე, რა ბრენდის ქვეშ გაიყიდება შპს „კაფსულოს" მიერ წარმოებული, ე.წ. აპარატის ყავა,რა საფასო სეგმენტში იქნება წარმოდგენილი და ხომ არ აპირებს ყავის მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობას, გურგენიძე განმარტავს,რომ ბრენდის სახელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, შესაბამისად,სახელწოდება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    გურგენიძე რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან" განმარტავდა, რომ პროექტის ღირებულება საწყის ეტაპზე 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა,მას შემდეგ, რაც კომპანია „კაფსულო" ახალი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

    მაშინ გურგენიძე აცხადებდა, რომ მსგავსი ტიპის პროექტი არათუ რეგიონში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის. „პროექტი ამბიციურია, მასშტაბურია და თავისთვად გათვლილი იქნება ექსპორტისთვისაც"-აცხადებდა გურგენიძე.


    მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო" ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.

    შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის" მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.


    აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო" ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა.


    ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა.


    აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო" გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

     

    სოფო ქსოვრელი


პარტნიორები