სიახლეები
-
16 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს სახელფასო დავალიანება დღეს, 16 მაისს, სრულად, ჩაერიცხათ. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
"ამ თვეების განმავლობაში 2900 ლარი მქონდა ასაღები და სრულად დამერიცხა,"– ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე. ინასარიძის თქმით, თანხა სრულად მასთან ერთად მომუშავე მუშებსაც ჩაერიცხათ.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა 30-მდე თანამშრომელმა ხელფასების ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია 3 მაისს გამართეს. ისინი სამი თვის სახელფასო დავალიანების მიღებას ითხოვდნენ.
თუმცა სამუშაო პროცესი მას შემდეგ განაახლეს, რაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ. ისინი დაპირდნენ, რომ მუშებს თანხას 17 მაისამდე აუნაზღაურებდნენ, მათ კი სამუშაო პროცესი უნდა გაეგრძელებინათ.
პროტესტიდან მეოთხე დღეს, 6 მაისს მუშებმა სამუშაო პროცესი გააგრძელეს.
შეგახსენებთ, რომ ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპატრამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილოებდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა სავარაუდოდ მაისის ბოლომდე დასრულდება.