მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  მაისი  2017

    თბილისის პირველი ცათამბჯენის – ე.წ. თერთმეტსართულიანის მცხოვრებთა გასაჭირი

    გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თბილისის ზოოპარკს მალე სხვაგან გადაიტანენ, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. ამის შესახებ “ფოსტალიონთან” თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული სახლის, ე.წ. თერთმეტსართულიანის მობინადრეებმა  ისაუბრეს და თავისი გულისტკივილის გასაჯაროება გვთხოვეს.

    მათი თქმით, ისტორიული სახლი, რომელიც დღემდე საჩვენებელი უნდა ყოფილიყო, როგორც  ქალაქში პირველი მაღალსართულიანი შენობა, დღეს ესტაკადებშია დამალული, მასში ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა.

    “თავადაც ხედავთ,  როგორ დაამახინჯეს აქაურობა. რა აუცილებელი იყო ასეთი რაოდენობით ესტაკადები, ხომ შეიძლებოდა  ცოტა სხვანაირად, ერთი მხრიდან  გაკეთებულიყო. ცენტრში დადგმულ სვეტთან, რომელიც გმირთა მემორიალია, ახლოს ვერავინ მივა, ვერც ყვავილებს დააწყობს და ვერც მასზე ამოტვიფრულ გვარებს წაიკითხავს. ესტაკადები პირდაპირ სახლებშია შემოსული. ფანჯრებს ვერ ვაღებთ ისეთი მტვერი და ხმაური შემოდის.

    ახლა ამბობენ, ზოოპარკი უნდა გადავიტანოთო. კი ბატონო, გადაიტანონ, მაგრამ პარკი მაინც გაგვიკეთონ, რომ გასეირნების და ჰაერის ჩასუნთქვის საშუალება გვქონდეს, სახლებს ნუ ჩადგამენ.

    რაც  ესტაკადები გაკეთდა, აქ ცხოვრება ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება. ქვემოთ ყველა სავაჭრო ობიექტი დაიკეტა, რა აზრი აქვს მათ ყოფნას, მიუდგომელი გახდა.

    ჩვენგან ვერაზე რომ გინდოდეს ასვლა, ფეხით ვერ ახვალ, სანამ შავი გზებით და დაკიდებული ხიდით არ გაივლი, ადრე ფეხით ავდიოდით, ავისეირნებით ხოლმე, ეხლა ამის საშუალებაც აღარ გვაქვს. მიწისქვეშა გადასასვლელები ხომ ცალკე თემაა, საშინელებაა და საშიშია. თუმცა ამას უკვე აღარაფერი ეშველება და ახლა იმის გვეშინია, ზოოპარკის ტერიტორიაზე კორპუსები არ ააშენონ, თორემ მაშინ მართლა შეუძლებელი იქნება აქ ცხოვრება.

    მახსოვს, ესტაკადების მშენებლობის დროს  წყალმა დაიწო ამოსვლა და მშენებლობა გარკვეული პერიოდით შეჩერდა კიდეც. სტიქიის დროს ხომ ეპიცენტრში ვიყავით. სარდაფები, ავტოფარეხები განადგურდა. ერთი ნათელი წერტილი ზოოპარკის ტერიტორიაა და იქაც თუ მშენებლობა დაიწყეს, აქ ადამიანის ცხოვრება შეუძლებელი იქნება”-გვითხრა “თერთმეტასრთულიანის” მაცხოვრებელმა.

    თერთმეტსართულიანი თავის დროზე დედაქალაქში  პირველი და ერთადერთი ცათამბჯენი იყო. ის  საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე ერთადერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მისი საძირკველი 2,400 მ2-მდე ტერიტორიას მოიცავს და ორ და სამ-დონიანი სარდაფებით წარმოადგენს სახელმწიფო სტრატეგიულ ობიექტს – ბომბსაფარს. თერთმეტსართულიანის მშენებლობა 1939 წელს დასრულდა. მისი არქიტერქტორი იყო მ. კალაშნიკოვი. როგორც ცნობილია, მთელ საბჭოთა კავშირში აქ შენობის მშენებლობისას პირველად გამოიყენეს მცოცავი ხის ყალიბები.

     

     

     

     


პარტნიორები