სიახლეები
-
10 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
15 ივნისიდან თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყება
ზაფხულის პერიოდში თბილისში, რამდენიმე მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება. 60 წლის შემდეგ პირველად სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირს, სადაც მთლიანად გამოიცვლება გამზირის ქვეშ გამავალი ორი დიდი მაგისტრალი, წყლისა და გაზის დაძველებული მილსადენები. გარემონტდება მეტროსადგურ “ავლაბრიდან” დუშეთის ქუჩამდე ტერიტორია და საავტომობილო გზა გაფართოვდება საცურაო აუზ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარედ, სადაც ძალიან ხშირად იქმნება საცობები.
როგორც თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 15 ივნისს დაიწყება და სავარაუდოდ 15 სექტემბრამდე გასტანს, ეტაპობრივად განხორციელდება, რადგან მოხერხდეს ქუჩის ნაწილობრივ გადაკეტვა და სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილება. ასევე, არ გადაიკეტება ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარი, ის, გზის ძირითადი ნაწილის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გარემონტდება.
“პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი უკვე შედგენილია, შერჩეულია ძლიერი კონტრაქტორი კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულების გარანტიას იძლევა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყო”, – აცხადებს დავით ნარმანია და დასძენს, რომ მისი მერობის პერიოდში განხორციელებული საგზაო სამუშაოები, 12-15 წლიან ექსპლუატაციის პერიოდზეა გათვლილი.