სიახლეები
-
06 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი მზად მაისის ბოლოს იქნება
„მაისის ბოლოს ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, განვაცხადოთ შემოვლითი რკინგზის ახალი პროექტის შესახებ" - ეს განცხადება „მოამბესთან" ინტერვიუში საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი საღირაშვილმა გააკეთა.
„შემუშავებულია შემოვლითი რკინგზის პროექტის რამდენიმე ვარიანტი. ახლა მიმდინარეობს სინთეზი ქალაქ თბილისის განვითარების გეგმასთან. გაუმჯობესებული პროექტის რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავეთ და მისული ვართ ფინალურ სტადიაზე.
იმ ტემპებით, როგორც ჩვენ ვმუშაობთ, ვვარაუდობთ, რომ მაისის ბოლოს ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ განვაცხადოთ ახალი პროექტის შესახებ, რის შემდეგაც პროცესი განახლდება", - განაცხადა ირაკლი საღირაშვილმა.
მისი თქმით, შემოვლითი რკინიგზის ახალი პროექტი გაცილებთ უფრო მიმზიდველი იქნება საქართველოს რკინიგზისთვის და კომფორტული დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის
საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც ნაციონლაური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში დაწყებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეჩერდა. საღირაშვილის თქმით ძველი პროექტი ყოველგვარი ტექნიკური და ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების გარეშე დაიწყეს.
„როდესაც შესწავლილი იქნა ძველი პროექტი, უკვე მშენებლობის ეტაპზე აღმოჩნდა, რომ თუ შემოვლითი რკინიგზის პროექტი ძველი სცენარით განხორციელდებოდა, ეს პირველ რიგში, რკინიგზის საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯებს 56%-ით გააუარესებდა. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებდით 25%-ით შემცირებულ გამტარუნარიანობას. არცერთი ეკონომიკური პროექტი არ გულისხმობს ინვესტიციების განხორციელებას გაუარესებული მაჩვენებლებით, სამწუხაროდ, ძველი პროექტი სწორედ ასეთი იყო", - განაცხადა საღირაშვილმა.
შემოვლითი რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად 2013 წლისთვის 200-ზე მეტი მილიონი დოლარი დაიხარჯა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების 65 პროცენტი დასრულებულია. საღირაშვილი აცხადებს, რომ დახარჯული თანხიდან არცერთი ცენტი არ დაიკარგება.„ჩვენ იმაზეც ვიფიქრეთ, როგორ გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა. 200-ზე მეტი მილიონი დოლარია დახარჯული აქამდე გაწეულ სამუშაოებში. ეს თანხა დაკარგული არ არის. ახალი პროექტი გულისხმობს სწორედ ამ ინფრასტრუქტურის ოპტიმალურ გამოყენებას. მალე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას გაუმჯობესებული, ყველასათვის მისაღები რკინიგზის პროექტის ახალი ვერსიის შესახებ და მშენებლობაზე უკვე დახარჯული არცერთი ცენტი არ დაიკარგება", - აღნიშნა ირაკლი საღირაშვილმა.
საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, შემოვლითი რკინგზის პროექტის რამდენიმე ვარიანტზე ევროპული კომპანიები მუშაობენ და, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს შერჩევის პროცესი, რის შემდეგაც, უკვე მაისის ბოლოსთვის, საზოგადოება ახალი პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.
ავტორი: 1tv