სიახლეები
-
01 მაისი 2017
თქვენი რეკლამა
არაბული კომპანია სომხეთში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს
სომხეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აშოტ მანუკიანმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ ემირატებში რეგისტრირებული კომპანია Access Infra Central Asia Limited-ი სომხეთში ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს.
მისი თქმით, კომპანია გეგმავს, შეისწავლოს სომხეთის ორი რეგიონის, გაგარკუნსკისა და კოტაიკსის თემებში არსებული ქარის ენერგიის პოტენციალი. მან აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას იჯარით 1 250 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ის კვლევებს ჩაატარებს.
„ჩვენი შეფასებით, ქარის სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე, დაახლოებით, 150 მგვტ-ს მიაღწევს, ხოლო ინვესტიციების მოცულობა, ასევე ჩვენი შეფასებით, 150 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში იქნება“, - თქვა მანუკიანმა და დასძინა, რომ სომხეთსა და რეგიონში ამგვარი ფართომასშტაბიანი პროგრამა აქამდე არ განხორციელებულა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაზომვებისა და კვლევებისათვის კომპანიას ორი წელი აქვს განსაზღვრული, პროექტირებასა და დაგეგმვაზე - ერთი, ხოლო მშენებლობაზე ასევე - ორი წელი. „წინასწარი შეფასებები და ინვესტორთან ჩატარებული განხილვები უფლებას გვაძლევს, განვაცხადოთ, რომ საბოლოო ტარიფი ამჟამად დადგენილ ტარიფზე მინიმუმ 40%-ით ნაკლები იქნება“, - თქვა მანუკიანმა. სომხეთის ენერგეტიკის სამინისტრო 2020 წლის ბოლომდე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში 200-300 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვას გეგმავს.
დღეისათვის სომხეთში ელექტროენერგიის ძირითად წყაროს სომხეთის ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს, რომლის ხარჯზეც რესპუბლიკაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 30% მოდის. ამასთან, თბოსადგურების წილი 41.9%-ს, ხოლო ჰიდროსადგურების წილი - 29.2%-ს შეადგენს. განახლებადი ენერგიების წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა 2013 წელს 11% შეადგინა.
ენერგოდაიჯესტი