სიახლეები
-
20 აპრილი 2017თქვენი რეკლამა
თურქული სამშენებლო კომპანია NATA Holding-ი საქართველოში ქარხნის გახსნას გეგმავს
საპარტნიორო ფონდმა კომპანიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში წარმოების სექტორში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე. მხარეები შეისწავლიან NATA Holding-ის პორტფელში შემავალ ქარხნებს და მათ საწარმოო ხაზებს, და საქართველოს ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად ერთ-ერთი მათგანის ანალოგის საქართველოში განხორციელებაზე იმუშავებენ.
მემორანდუმს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და NATA Holding-ის წარმომადგენელმა საქართველოში ჯან თექინ ილდირიმერიმ მოაწერეს ხელი.
„თურქეთი ჩვენი მეგობარი და მთავარი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ, კიდევ უფრო მიხარია, რომ დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ NATA Holding-თან. იგი ძლიერი თურქული კომპანიაა, დიდი გამოცდილებით და მასთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება,“ განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
როგორც ფონდში განმარტავენ, NATA Holding-ი ფლობს რამდენიმე ქარხანას, სადაც სხვადასხვა სამშენებლო მასალა იწარმოება. NATA Holding-ი თურქეთის გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს.



