სიახლეები
-
18 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
სრულებით იკარგება სიმძიმის შეგრძნება შენობაში შესვლისას – თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო
1958-1960 წელს, არქიტექტორ კ.ჩხეიძის პროექტით აშენებული, თბილისის ფუნიკულიორის საბაგირო გზის ქვედა სადგური ამ შენობის შიდა ეზოში დგას და კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს. ოვალური ფორმის სიმეტრიული შენობა გარედან თითქოს მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, თუ როგორ არის ნაფიქრი მის გარეგნულ “შემსუბუქებაზე” – უზარმაზარი, შემინული თაღების რიგს ზემოდან უფრო მცირე ზომის, მეორე, ღია თაღების რიგი ადგას, ხოლო ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებული ბოლნისის ტუფის ფერი ქვემოდან ზემოთ იცვლება, ღიავდება და ბოლოს თითქმის თეთრი ფერის არშიად იქცევა.
სრულებით იკარგება სიმძიმის შეგრძნება, როცა შენობაში შედიხართ – მის ოვალურ გარე კედლებს სპირალური პანდუსები მიუყვება. მაღალი ფანჯრების უზარმაზარი სიბრტყეების სწორხაზოვანი დაყოფა გარედან მიმაგრებულ, ლითონის დეკორატიულ ცხაურებთან ერთად, დინამიურ გრაფიკულ სურათს ქმნის. ჰაეროვანი, მსუბუქი, ელეგანტური სივრცე სინათლითაა სავსე.
ავტორი: მანანა გაგნიძე