სიახლეები
-
12 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
სასტუმრო „საქართველოს" ტერიტორიაზე „ბილთმორის" მსგავსი შენობა აშენდება
სასტუმრო „საქართველოს" ტერიტორიაზე „ბილთმორის" მსგავსი შენობა აშენდება. ბიზნესმენმა დავით კოდუამ სასტუმრო "საქართველოს" შენობა გასული წლის ოქტომბერში არაბულ „არაბელა ინვესტ გრუპს" მიყიდა. დავით კოდუას წარმომადგენელი შალვა კაციაშვილი დღეს რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ შესყიდვის პროცედურა გასული წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინვესტორი შეაშინეს, რომ სასტუმრო "საქართველოში" მცხოვრები დევნილები არ აპირებდნენ ტერიტორიის დატოვებას.
შალვა კაციაშვილის ინფორმაციით, არაბული კომპანიის წარმომადგენლები თბილისში, რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ, შეხვდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრს და დარწმუნდნენ, რომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს თავად აქვთ სურვილი დატოვონ ტერიტორია და კომპენსაცია მიიღონ. ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალები სრულდება და დოკუმენტების ოფიციალურად გასაფორმებლად არაბული კომპანიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ჩამოვლენ თბილისში.
იურისტის თქმით, დევნილების განსახლებისთვის 1 მლნ დოლარს გადაიხდიან, დაახლოებით ამდენივეს ამატებს სახელმწიფოც, რომელიც მზადაა თანხა შეუფერხებლად გამოყოს. საუბარია 72 ოჯახის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება სასტუმროს რეკონსტრუქცია-მშენებლობის საკითხს, შალვა კაციაშვილის თქმით, მისთვის უცნობია პროექტს დეტალები, თუმცა იცის, რომ შენობის დემონტაჟი არ მოხდება, მის უკან არსებულ მიწის ნაკვეთზე კი „ბილთმორის" მსგავსი შენობა აშენდება და სივრცეები დერეფნით დაუკავშირდება ერთმანეთს.როგორც ცნობილია არაბი ინვესტორები ადგილზე არაბული ბრენდის სასტუმრო La Verda-ს მშენებლობას გეგმავს. ამ ბრენდის სასტუმროები დუბაიში მდებარეობს.
ბიზნესმენმა დავით კოდუამ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი სასტუმრო საქართველოს შენობა და შპს „საქართველოს" 73%-იანი წილი არაბულ „არაბელა ინვესტ გრუპს" მიყიდა.
მყიდველმა გამყიდველს ჯამში 16,5 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს, თუმცა აქედან დიდი ნაწილი 12 მილიონამდე თანხა პირდაპირ ბანკ „ქართუში" არსებული დავალიანების დაფარვას მოხმარდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება ოქტომბრის დასაწყისში გაფორმდა და ახლა შპს „საქართველოში" 73,28% წილზე განვადებით ნასყიდობა ვრცელდება. შენობის მფლობელი არაბული კომპანია ვალდებულების შესრულების შემდეგ გახდება .