მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2017

    გერონტი ქიქოძის ქუჩა – ევროპული და თბილისური არქიტექტურის ჰარმონიული თანაარსებობა

    თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში, თავისუფლების მოედნის მახლობლად, გერონტი ქიქოძის ქუჩა მდებარეობს. ამ უბნის განაშენიანება XIX ს-ის შუა ხანებში დაიწყო. მანამდე აქ მეფეთა და წარჩინებულთა სანახები და ბაღები იყო.


    XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში სოლოლაკში ძირითადად ბურჟუაზიული საზოგადოება ცხოვრობდა. ამან განაპირობა უბნის არქიტექტურული სახეც. აქ უმთავრესად რუსულ-ევროპული სტილის შენობებს ნახავთ, რომელთაც ტიპიურად თბილისური სახლები ენაცვლება.


    გ. ქიქოძის ქუჩაზე ძირითადად ძველი განაშენიანებაა შემონახული. განსაკუთრებით ღირებულია №4, ამჟამინდელი 50-ე საჯარო სკოლის შენობა. ორსართულიანი სახლი განაპირა რიზალიტითა და ორსართულად განლაგებული აივნებით, XX ს-ის დასაწყისშია აშენებული. ფასადის ნაძერწი ყვავილოვანი ფრიზი, ქალის თავის რელიეფური გამოსახულებები და სხვა ელემენტები მოდერნის სტილის ნიშნებს ავლენს. მოდერნის დეკორია გამოყენებული ეზოს მხარეს არსებული შენობის ფასადის და ინტერიერის გაფორმებაშიც.


    ​გ. ქიქოძისა და ა. ლერმონტოვის ქუჩათა კუთხეში, №6/17 საცხოვრებელი სახლი XX ს-ის დასაწყისში ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენდა. მონუმენტური, ქვით მოპირკეთებული ნაგებობა ქუჩათა გადაკვეთაზე ერკერითაა აქცენტირებული; ეზოს მხარეს თბილისური სახლებისთვის დამახასიათებელი ხის აივნები აქვს.
    №11 – სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1914 წელსაა აშენებული თბილისელი არქიტექტორის გაბრიელ ტერ-მიკელოვის პროექტით; შენობის გადაწყვეტაში იტალიური რენესანსის და თბილისური საცხოვრებლის მხატვრული ხერხებია შერწყმული. ფასადზე სახლის პირველი მფლობელის, მილოვის ინიციალებია მოთავსებული.
    ​ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია №13 ორასრთულიანი საცხოვრებელი სახლი ფასადისა და ეზოს მხარეს ხის ჭვირული აივნებით. სახლი XIX ს-ის შუა წლებით თარიღდება.

     

     

    ფოტო და ტექსტი: გუბაზ შენგელაია 


პარტნიორები