მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2017

    სამშენებლო კომპანია GDG: "ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულების გამო ახალ პროექტებზე უარის თქმა მოგვიწია"

    ხელისუფლების მიერ საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების გამო, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ითვალისწინებს, კომპანია GDG-ს პროექტებზე უარის თქმა მოუწია,- ამის შესახებ "საქმის კურსს" კომპანიის ხელმღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა. მისი თქმით, იანვრიდან დღემდე სახელმწფო ბიუჯეტში ამ საგადასახადო ვალდებულების გამო დაახლოებით 300 ათასი დოლარის გადახდა მოუწია, რომლითაც ახალი პროექტების დაწყებას აპირებდა.
    ბიზნესმენი ამბობს, რომ აქამდე ამ თანხას ბიუჯეტში ობიექტების ჩაბარების და მათი რეალიზაციის შემდეგ იხდიდა, ახლა კი დასაწყისშივე მოუწია, რამაც ბიზნესის განვითარების მიმართულებით დაბრკოლებები შეუქმნა.

    "მიწის ნაკვეთები მქონდა ნაყიდი, რომლებზეც ახალი პროექტების დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ავანსით მიღებული თანხა ბიუჯეტში გადავიხადე. ბანკებიდან თანხის მობილიზება ვერ შევძელი და პროექტები შევაჩერე.

    ეს თანხა სხვა პროექტებში რომ ჩამედო, გრძელვადიან პერიოდში ბიუჯეტში უფრო მეტ თანხას გადავიხდიდი, მაგრამ ასე არ მოხდა",- აცხადებს წაქაძე.

    მისივე თქმით, ცვლილების გამო მოკლევადიან პერიოდში ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირება მოხდება, გრძელვადიან პერიოდში კი პირიქით, სახელმწიფოს თანხები დააკლდება.

    "გრძელვადიან პერიოდში ეს სახელმწიფოსთვისაც წამგებიანია მაგრამ, სახელმწიფო დღეს ამბობს, რომ კომპანიები კოტრდებიან და ვერც ავანსის დღგ-ს და ვერც სხვა გადასახადებს ვერ იხდიან. რას ნიშნავს, კოტრდებიან? რანაირად უნდა გაკოტრდეს? ძალიან ძნელად წარმოსადგენია, რომ კომპანიამ, რომელიც სამშენებლო მიმართულებით მუშაობს, თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდოს ბინა. თუ მას დღგ-ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს, მიაქვს სხვა პროექტებში, მთავრობას შეუძლია, იძულებითი წესით გადაახდევინოს კომპანიას და ამოიღოს გადასახადები",- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

    შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ბოლოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მიმდინარე წლიდან ავანსის დღგ-თი დაბეგვრა სავალდებულო გახდა.


პარტნიორები