მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მარტი  2017

    სამთავრობო ქალაქი – ახალი პერსპეტივა სამშენებლო სექტორისთვის

    23 მარტს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია.


    „მმართველობითი რეფორმის ფარგლებში ორთაჭალაში უკვე დაწყებულია ერთიანი მომსახურეობის ოფისის შექმნის პროექტი. გადავწყვიტეთ, რომ მომსახურეობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ორთაჭალაში იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი, გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტროების გადატანა. რაც ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი, წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში პრაქტიკულად ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურეობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. მნიშვნელოვანი პროექტია და მე მივესალმები ამ პროექტის დაწყებას“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.


    პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. გიორგი გახარიას განცხადებით, ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქის აშენება ხარჯების ოპტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. როგორც მინისტრმა საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია არა ქალაქის მშენებლობაზე, არამედ საკითხის შესწავლაზე.


    „საუბარი იყო არა ქალაქზე, არამედ კლასტერზე, ეს ნიშნავს, რომ საკითხს შევისწავლით, თუმცა ვთვლი, რომ ეს არის ხარჯების ოპრტიმიზაციისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ასევე ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა. თბილისი ტურისტული ქალაქი უნდა იყოს და არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც უმჯობესია, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქის ეკონომიკასა და ტურისტების მიღებაში შეუწყობს ხელს ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე ამოსავალი წერტილი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. თუ განაშენიანების რეგულირების გეგმით დადასტურდება, რომ ეს იქნება საინტერესო პროექტი, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ნაწილში, ეს იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი ხარჯთეფექტურობისთვის“, – განაცხადა გახარიამ.
    მისივე განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად იდენტიფიცირებულია ტერიტორია ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე.


    “ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ხარჯების ოპტიმიზირების. პრემიერი იდეის დონეზე ვერ იტყოდა, რა თქმა უნდა. განაშენიანების რეგულირების გეგმა თუ კეთდება, ე.ი. ტერიტორიაც იდენტიფიცირებულია. გეგმა კეთდება კონკრეტულ ტერიტორიაზე, ეს არის ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე. იქ არის გარკვეული ტერიტორია, სადაც, იმ შემთხვევაში თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთების ნაწილში პროექტის ეფექტურობა დადასტურდება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება აშენებული”, – აღნიშნა მინისტრმა.


    აღსანიშნავია, რომ სამთავრობო ქალაქის პოექტის ფინანსური ნაწილი ან სხვა სახის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მთავრობის მეთაურს არ უთქვამს, თუ რა დაჯდება სამთავრობო ქალაქის აშენება. 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით კი, ამ პროექტის მშენებლობა გათვალისწინებული არაა. ამასთან ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა ფინანსებით მოხდება ამ პროექტის განხორციელება, იქნება ეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით, საერთაშორისო ორგანიზაციის გრძელვადიანი კრედიტით თუ რაიმე სახის გრანტით დაფინანსებული.


    დღეის მდგომარეობით, ორთაჭალაში სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები, ასევე შემოსავლების სამსახური. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია, სადაც ჰუალინგ ჯორჯია სასტუმროს გაკეთებას აპირებს.


    იდეა, როგორც ასეთი სამთავრობო ქალაქის აშენების ნამდვილად საინტერესოა და ეკონომიკისთვის სასარგებლოც შეიძლება იყოს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოხდება გარკვეული თანხების ოპტიმიზაცია, როგორიცაა დასუფთავება, დაცვა, აიტი მომსახურება და ა.შ. ანუ მოხდება გარკვეული ტიპის ხარჯების ოპტიმიზაცია. ამასთან აღსანიშნავია, რომ თუ ახალი შენონბების აშენებაზე არ დაიხარჯება დიდი თანხები, არ იქნებიან ისინი ფუფუნების საგნებით მომარაგებული, როგორიც დღეს ქუთაისის პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის სასახლეა, მაშინ ეს პროექტი მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის.


    აქვე აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკის ზრდის ტემზეც, რაც ესეოდენ სჭირდება დღევანდელი საქართველოს ეკონომიკას. იმ შენობების პრივატიცაზია კი, სადაც დღეს სამთავრობო სტრუქტურებია განთავსებული დამატებით ინვესტიციებს შემოიტანს ქვეყანაში. ასე რომ, დაველოდოთ სამთავრობო ქალაქის პროექტის შესახებ დეტალურ განთვლებს და ეკონომიკურ დასაბუთებას, რის შემდეგად უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნება საზოგადოებას ამ პროექტის ავ-კარგიანობის შესახებ.

     

     


პარტნიორები