სიახლეები
-
27 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება დაიწყო.
რიკოთის უღელტეხილზე 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება უკვე დაიწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 800 მლნ დოლარს შეადგენს და ის აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებასაც „ქართული ოცნების" ხელისუფლება 2017-2020 წლებში გეგმავს. მთლიანად კი ამ 4 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ლარის დახარჯვას აპირებს. (დღევანდელი კურსით 6,1 მილიარდი დოლარი).
აღსანიშნავია, რომ დღემდე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომავალი 4 წლის განმავლობაში დასახარჯი თანხის სხვადასხვა მოცულობა სახელდებოდა. წინასაარჩევნო პერიოდში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 4 მილიარდ დოლარის ჩადებდა. არჩევნების დასრულების შემდეგ 4 მილიარდი დოლარი კიდევ რამდენჯერმე გაჟღერდა. მოგვიანებით, „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასახარჯი თანხის მოცულობა 6 მილიარდამდე გაზარდა.
უფრო მოგვიანებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ რადიო „კომერსანტთან" საუბრისას სხვა თანხა დაასახელა: „ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ ამბიციური საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს 14 მილიარდი ლარის (დღევანდელი კურსით 5,7 მილიარდი დოლარი) ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში. ეს მარტივად რომ ვთქვათ, უფრო მეტია, ვიდრე აქამდე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მოცულობა", - განაცხადა მაშინ გაგუამ.
ამ ყველაფრის ფონზე დღემდე გაურკვეველი იყო, თუ რა თანხის დახარჯვას გეგმავდა ხელისუფლება მომავალი 4 წლის განმავლობაში და საიდან მოხდებოდა ამ ფინანსების მოძიება, ბიუჯეტიდან თუ დონორებიდან.
დღეს კი, როგორც „კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, 2017-2020 წლების საშუალოვადიან ბიუჯეტში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულია თითქმის 15 მილიარდი ლარი (დღევანდელი კურსით 6,1 მილიარდი დოლარი) მათ შორის, დონორებიდან მობილიზებული იქნება 7 მილიარდი ლარი (2,8 მილიარდი დოლარი).
„ამასთან, 2017 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მიიმართება 3 მილიარდ ლარამდე, მათ შორის, დონორებიდან მიღებული კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში - 1.5 მილიარდი ლარი", - განუცხადეს „კომერსანტს" ფინანსთა სამინისტროში.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რომელი დონორ ორგანიზაციებიდან მოხდება თანხის მოძიება, ფინანსთა სამინისტროში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ. დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს პროექტირების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.