სიახლეები
-
24 მარტი 2017თქვენი რეკლამა
გაზსაცავის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი სავარაუდოდ, სამ თვეში გამოცხადდება
გაზსაცავის საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი სავარაუდოდ, სამ თვეში გამოცხადდება. როგორც „საქმის კურსს“ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე დაქირავებული უცხოელი კონსულტანტი სატენდერო პაკეტის მოსამზადებლად მუშაობს.
„ტენდერის პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი - საინჟინრო ეტაპი ჩვენ გავაერთიანეთ მშენებელი კომპანიის არჩევის პროცესთან ერთად. გვყავს ტექნიკური კონსულტანტი, რომელმაც თქვა, რომ გაზსაცავის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარდა, გეოლოგიური სტრუქტურის დამატებითი კვლევებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ საინჟინრო პროექტირების დროისთვის პარამეტრები უფრო დაზუსტებული იყოს. ალბათ, ორ-სამ თვეში გამოცხადდება ტენდერი და პირველი ფაზის სამუშაოები დაიწყება“, - განაცხადა ვალიშვილმა.
საინჟინრო სამუშაოების შემდეგ კი სამშენებლო ეტაპის დრო დადგება, რისთვისაც ვალიშვილის განცხადებით, „მაღალი რეპუტაციის, შესაძლებლობებისა და გამოცდილების მქონე კომპანიაა საჭირო“.
რაც შეეხება გაზსაცავის მშენებლობის დაფინანსებას, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით ინვესტორთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პროექტის დასაფინანსებლად ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესაძლოა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან სესხი აიღოს, ან რომელიმე ინვესტორთან, მათ შორის „სოკართან“, მიაღწიოს შეთანხმებას წილობრივი მონაწილეობის ფორმატზე.
„სოკარი“ განიხილება როგორც ინვესტორი. მან დააფიქსირა ინტერესი, თუმცა დეტალებზე ჩვენ დისკუსია არ გვქონია“, - აღნიშნა ვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის მშენებლობა სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე იგეგმება და არსებული პროექტის მიხედვით, მასში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი.



