სიახლეები
-
24 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
ჩინელმა ინვესტორებმა ქუთაისში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა დაიწყეს
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ „კომერსანტთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიდის ტექნიკური საკითხების გარკვევის პროცესი, მათ შორის, ელექტროენერგიის მომარაგების.
ნიბლაძის ინფორმაციით, ქარხანა ზონის ტერიტორიაზე, 6 000 კვადრატული მეტრ ფართობზე განთავსდება და მის მიერ წარმოებული პროდუქტი 100 პროცენტით საექსპორტო იქნება. რა წარმადობით გეგმავს ქარხანა მუშაობას, ნიბლაძე ამ დროისთის ვერ საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ქარხანა ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა. ჩინური მხარე პროექტში 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ნიბლაძის განცხადებით, გარდა ამისა, ასევე მიმდინარეობს ავტომობილების ნაწილების სფეროს ათვისებაც. კერძოდ, 1-2 თვეში ზონაში ავტომობილების ნაწილების გამოშვება დაიწყება. აქტიურად მიდის მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, მათ შორისაა პლასტმასის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებზე. როგორც ნიბლაძე აცხადებს, ამ მიმართულებით ინდურ კომპანიასთან მოლაპარაკებები თითქმის დასასრულისკენ მიდის.
ქუთაისში "ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1–ელ ოქტომბრიდან ამოქმედდა. ჩინური კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.