სიახლეები
-
15 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
აჭარისადმი ინვესტორების ინტერესი იზრდება – ინვესტიციის მოცულობა ერთ წელში 17%-ით გაიზარდა
2016 წელს აჭარაში კერძო სექტორმა 427.9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და აქედან 71% უცხოურ ინვესტიციებზე მოდის. სტატისტიკური ინფორმაციით, 2015 წელს რეგიონში კერძო სექტორის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციების მოცულობამ 366 მლნ შეადგინა, შესაბამისად, 2016 წელს კერძო ინვესტიციების მოცულობა აჭარაში 17%-ით არის გაზრდილი.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საინვეტიციო საქმიანობის შეფასების მნიშვნელოვან ცვლადებად განიხილება ასევე განხორციელებული ინვეტიციების მოცულობა რეგიონში შექმნილ მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით და მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.
ინვესტიციების მოცულობა მთლიან დამატებულ ღირებულებასთან მიმართებით ბოლო წლებში შეადგენს დაახლოებით 15-38%-ს, ხოლო რეგიონის მოსახლეობის ერთ სულზე კერძო სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ოდენობამ 2016 წელს შეადგინა 1 270 აშშ დოლარი.
2016 წელს კერძო სექტორის განხორციელებული ინვესტიციები ეკონომიკის სექტორის მიხედვით: ენერგეტიკა – 45.5%, ტურიზმი – 31.6%, მშენებლობა – 20.8%, სოფლის მეურნეობა – 0.2%, მრეწველობა – 1.4%, სხვა სექტორები – 0.5%.
რაც შეეხება მთლიანი უცხოური ინვესტიციების სექტორულ განაწილებას, აღნიშნული თვალსაზრისით ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ნაკადები მოდის ენერგეტიკისა (64.5%) და ტურიზმის (33.0%) სექტორებზე. 2016 წლის მონაცემებით რეგიონში ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიციები მოდის ნორვეგია/ინდოეთსა (48.7%) და თურქეთზე (44.9%). ხოლო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით ლიდერობს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი (53.3%), ხულოს მუნიციპალიტეტი (17.4%) და შუახევის მუნიციპალიტეტი (17.2%).
“მნიშვნელოვანია მაღალი საინვესტიციო აქტიურობის სექტორების გამოვლენა არა მხოლოდ სტატიკური, არამედ დინამიკური შეფასების თვალსაზრისით, რაც იძლევა სწრაფად მზარდი საინვესტიციო სექტორების გამოკვეთის საშუალებას. ამ მხრივ განვითარების მიმდინარე ეტაპზე აღსანიშნავია რეგიონის ეკონომიკის სექტორების შემდეგი სამეული: ენერგეტიკა,მრეწველობა და ტურიზმი”, – აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში