მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  მარტი  2017

    ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება

    ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აქტიური სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება. როგორც პროექტის განმახორციელებელ „ქართუ ჯგუფში“ ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, ამ ეტაპზე შერჩეული ტერიტორიის სამშენებლოდ მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. კერძოდ, ადგილზე მიმდინარეობს გრუნტის და არხის რეაბილიტაცია.

    რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო პროცესების დეტალებს, ვახო ცაგარელი განმარტავს, რომ სასწავლო გეგმის შედგენაში გერმანელი პარტნიორები არიან ჩართულები, რომლებსაც ტექნოლოგიური სასწავლო ცენტრების შექმნაში აქვთ გამოცდილება, თუმცა კონკრეტულად რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი „ქართუში“ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.

    უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტი კადრების მოძიებაა. კერძოდ, როგორც ვახო ცაგარელი განმარტავს, მოხდება როგორც შესაბამისი აკადემიური წრის წარმომადგენლების მოძიება საზღვარგარეთ, ასევე მათი გადამზადება.

    „ჩვენ ასევე გვინდა რომ ის წარმატებულები ქართველი პროფესორები, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, მოვაქციოთ ჩვენს კლასებში. ამ ხალხთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. ასევე, უცხოელი პარტნიორები გადაამზადებენ კადრების ნაწილს. ისინი მოგვიმზადებენ კონცეფციას, პროგრამას, სასწავლო გეგმას“, - ამბობს ვახო ცაგარელი.

    მისივე განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქში, გარდა საერთო საცხოვრებლის და უნივერსიტეტისა, განთავსდება სპორტული ინფრასტრუქტურაც.

    უნივერსიტეტში სწავლა როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე იქნება.

    ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს. 60 000 სტუდენტზე გათლილი, 1 მილიონი კვ/მ ფართის მეგაკომპლექსი 140 ჰექტარზე გაშენდება.

    უნივერსიტეტის მთავარი პროფილი ტექნოლოგიური და ტექნიკური მეცნიერებები იქნება. სასწავლო მიმართულებები კი, დარგის ინჟინერია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აგრომიმართულებები და სხვადასხვა დარგის მიჯნაზე მყოფი ინტერდისციპლინარული პროგრამები. 


პარტნიორები