სიახლეები
-
14 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
ისნის რაიონში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ ისნის რაიონში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლებებს. ახალი გზა 584-მეტრიან მონაკვეთში შენდება. პროექტის თანახმად, გზის რთული რელიეფის გამო, მოეწყო საყრდენი კედლები და სანიაღვრე ქსელი. ამ ეტაპზე დასრულებულია მიწის მოჭრის და გზის მოხრეშვის სამუშაოები და ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც გზაზე, ასფალტის საფარს ორ ფენად დააგებენ. დამონტაჟდება გარე განათება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული დასახლებების კახეთის გზატკეცილთან დაკავშირებას და მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაზისუბნის დასახლებაში ავტოტრანსპორტის ნაკადებს. დედაქალაქის ამ რაიონში მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ისნის რაიონის გამგებელ ვახტანგ ქიზიყურაშვილთან და პარლამენტისა და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
“ახალი გზა ვაზისუბანს ავლაბრის მიმართულებასთან დააკავშირებს. ეს არის სტრატეგიული გზა, რომელიც ამ უბნის განვითარებისა და, იმავდროულად, ქალაქის საცობებისგან განტვირთვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ისნის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები, მოსახლეობის საჭიროებისა და შესული განცხადებების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობს. შენდება გზები, ხორციელდება საბავშვო სპორტული მოედნების კეთილმოწყობა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ამაჟამად, ასევე, მიმდინარეობს გონაშვილის ქუჩაზე, სადაც მოიხსნა გზის ამორტიზებული საფარი და ასფალტის საფარი 2600 კვ.მ-ზე დაიგება.
მათივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, კეთილმოწყობის სამუშაოები, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. მიმდინარეობს ათამდე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ვაზისუბნის პირველი მიკრორაიონის N17 კორპუსის მიმდებარედ, დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
ასევე, იალბუზის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კედელი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იყო, იშლებოდა და საავტომობილო გზაზე აფერხებდა ტრანსპორტის მოძრაობას. სამუშაოს ფარგლებში, მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის კედელი და მოპირკეთდა ტუფის ქვით.