სიახლეები
-
საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების ლიცენზირებას ითხოვს
საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა ასოციაციამ პარლამენტში „არქიტექტურული, ქალაქმშენებლობითი და სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კოდექსის საკუთარი ვერსია წარადგინა. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით, ინჟინრებისა და არქიტექტორების მიერ დამოუკიდებლად შემუშავებული დოკუმენტი მთავრობის დაწერილ კოდექსთან ერთად განიხილება.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კოდექსის თანაავტორმა, ევროპის ინჟინერთა საბჭოს ბორდის წევრმა იური სვანიძემ განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ხელისუფლებისა და ინჟინრების მიერ შემუშავებულ კოდექსს შორის სამშენებლო კომანიების ლიცენზირების სისტემას შეეხება. ინჟინრები და არქიტექტორები მიიჩნევენ, რომ სამშენებლო პროცესში ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, კომპანიების ლიცენზირების სისტემის დანერგვაა აუცილებელი, რაც მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კოდექსში გათვალისწინებული არ არის.
"ის პრაქტიკა, რომელიც დღეს ევროპაშია და ადრე ჩვენთანაც არსებობდა, იყო პროფესიონალური სამშენებლო ორგანიზაციების ლიცენზირების საკითხი. დღეს, ჩვენს მიერ მომზადებულ კოდექსში ჩადებული გავქვს, რომ ლიცენზია უნდა გასცეს მოქმედმა სახელმწიფო ორგანომ, რომელიც გაატარებს სახელმწიფო პოლიტიკას არქიტექტურისა და მშენებლობის დარგში. ამ შემთხვევაში ეს ეკონომიკის სამინისტროს ეხება", - მიიჩნევს იური სვანიძე.
მისივე თქმით, ლიცენზირებასთან ერთად აუცილებელია სამშენებლო სექტორში სერტიფიცირებული სპეციალისტების არსებობა. აღნიშნული სისტემის დანერგვას მთავრობის მიერ ინიცირებული კოდექსიც ითვალისწინებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ჯერ ნაადრევად მიიჩნევს კოდექსის დეტალებზე საუბარს, რადგან კანონმდებლები დოკუმენტის საჯაროდ განხილვას გეგმავენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემის დანერგვა სამშენებლო სფეროში მოქმედი ყველა სუბიექტისთვის, გონივრული არ იქნება.
"ალბათ, უნდა მოხდეს გრადაცია იქიდან გამომდინარე, თუ რა სამუშაოებს ასრულებს ადამიანი, რადგან მშენებლობა სამუშაოების ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. რა თქმა უნდა, სამშენებლო კოპანიებს უნდა ჰყავდეთ უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტები, მაგრამ თუ მათ კიდევ გამოცდებს ჩავუტარებთ, მე მგონი, ეს სწორი არ იქნება", - განაცხადა ჭიჭინაძემ "ბიზნესკონტრაქტთან" საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, პარლამენტი მთავრობის რეკომენდაციით, სამშენებლო კოდექსის განხილვას სავარაუდოდ, ორ თვეში დაიწყებს.




