მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    თბილისში, ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება

    თბილისის ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. თემქაზე, ურეკის ქუჩის №4-ში, ახალი საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ახალი ბაღი ყოფილი №113-ე ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს. ორსართულიანი შენობა 1 483 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.
    ბაღში 10 ჯგუფი, მათ შორის ორი ბაგა გაიხსნება და სკოლამდელი განათლების მიღებას 400-მდე ბავშვი შეძლებს. ახალ საბავშვო ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდება. შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
    თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე დღეს, მშენებარე ბაღში იმყოფებოდნენ და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.
    დავით ნარმანიას თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობის მონიტორინგი მთელი დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ათზე მეტი ბაღი შენდება. ურეკის ქუჩის №4-ში მდებარე ბაღი კი სექტემბერში გაიხსნება.
    “ეს ბაღი თემქის მოსახლეობას მოუხსნის პრობლემას. სექტემბრამდე ბაღის მშენებლობა დასრულდება და შენობა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
    მერიის ინფორმაციით, ურეკის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა შარშან დაიწყო და პირველი ნაკადის მიღებას 2017 წლის სექტემბრიდან შეძლებს. სექტემბრისათვის დედაქალაქს ხუთი ახალი ბაღი შეემატება.

     

     


პარტნიორები