მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება მშენებლობას გააძვირებს?!

    დეველოპერული ბიზნესი 2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების დაწყებას მიესალმება. მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე განმარტავს, რომ ეს წამოწყება კარგია და რაც მთავარია, დროული.

    მისი განმარტებით, დღეს რთულია იმის თქმა, 2022 წლისთვის ეს მშენებლობების გაძვირებას გამოიწვევს თუ არა, თუმცა აღნიშნავს, რომ აღნიშნული რეგულაცია აუცილებლად შემოსატანია.

    „ 2022 წელი ცოტა შორეულია. გარდა ამისა, 2022 წელს ყველა დეველოპერი იტყვის, რომ ეს მშენებლობას აძვირებს და ასე შემდეგ. ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ევროპასთან შესაბამისობაში უნდა ვიყოთ, ამ გზას უნდა დავადგეთ"-აცხადებს აბულაძე.

    დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯის" ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციები სამშენებლო კოდექსშიც არის ჩადებული და ეს აბსოლუტურად სწორი მიმართულებაა.


    წაქაძის განმარტებით, ენერგოეფექტური მასალების გამოყენება მშენებლობას გააძვირებს, თუმცა ეს ხელშესახები არ იქნება. „მოსახლეობის მოთხოვნით ბოლო 2 წელია ჩვენი კომპანია ამას აკეთებს. ენერგოეფექტური მასალები გაცილებით ამცირებს მოსახლეობის ხარჯს გასათბობად. თბოიზოლაციის გარეშე გათბობა ადამიანს ორჯერ და მეტჯერ უფრო ძვირი უჯდება. როგორ შეიძლება ბინა ღირდეს 1 კვადრატული 350 დოლარი, 300 დოლარად ყიდიან მუხიანში, გლდანში და გარეუბნებში, რაც გამორიცხულია. არ უნდა ღირდეს ამდენი. თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ხომ ვერ გაყიდი? ამიტომ აშენებენ დაბალი ხარისხის მასალებით და იმიტომ ღირს იაფი"-აცხადებს წაქაძე.


    ევროკომისიის ინიციატივით, 2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება.

    ამ საკითხის განხილვის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დღეს ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა ხელმძღვანელობდა.

    ,ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც. ენერგიის მოხმარება მთელს მსოფლიოში იზრდება და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შენობები იყოს უფრო ენერგოეფექტური, დაინერგოს ენერგოეფექტურობა წარმოებაში (ან მრეწველობაში), დაინერგოს უფრო ენერგოეფექტური ტრანსპორტი და ა.შ. საქართველოში მალე ახალი შენობები იქნება ენერგოეფექტური და უნდა გატარდეს ღონისძიებები რათა არსებული შენობები უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ეს ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ხარჯების შემცირებას" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძემ.

     

     


    ავტორი: სოფო ქსოვრელი 


პარტნიორები