სიახლეები
-
06 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
მოსახლეობამ ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცა – საპროტესტო აქცია გლდანში
თბილისის გლდანის რაიონში, მეოთხე მიკრორაიონის მოსახლეობა, ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას კვლავ აპროტესტებს და აცხადებენ, რომ მშენებლობის გამო რეკრეაციული ზონა ნადგურდება. ადგილობრივებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე დღეს, საპროტესტო აქცია გამართეს და ტექნიკას მშენებლობაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, პოლიციის თანამშრომლებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს, რომელიც მოგვიანებით, 100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ადგილობრივების განცხადებით, დაუშვებელია მშენებლობას კიდევ ერთი სკვერი შეეწიროს. “თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აქ ორსართულიანი შენობის აშენება იგეგმებოდა. 2017 წლის იანვარში კი მშენებლობაზე ახალი ბანერი გამოჩნდა, რომლის მიხედვით ადგილზე მრავალსართულიანი კორპუსი შენდება”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, 9-10 სართულიან შენობას არ აქვს საპარკინგე ადგილი და ამისთვის, სავარაუდოდ გამწვანებული ტერიტორია უნდა გამოიყენონ.
მშენებლობა მეოთხე მიკრორაიონში №103-109 -ა კორპუსთან ახლოს მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. აქციაში “პარტიზანი მებაღეებიც” მონაწილეობდნენ. ამავე მთხოვნით აქცია მანამდ, რამდენიმე დღის წინათ გაიმართა.