სიახლეები
-
წინასწარ დაჯავშნილი ნომრები და სეზონის გახსნამდე გაზრდილი ტურისტების რაოდენობა - როგორი იქნება 2016 წლის ზაფხული აჭარაში?
ზაფხულის სეზონი ნელ-ნელა ახლოვდება და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას საქართველოს ზღვისპირეთი იპყრობს. უკვე კარგად გახმაურებული მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების გარდა, ბათუმი წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით აპირებს უცხოელი ტურისტების ყურადღების მიპყრობას.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი, მერი ემირიძე MyRest.Ge- სთან საუბარში ამბობს, აჭარის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პიარ- კამპანიები ჩატარდა.
„ მიმდინარე წელს, პიარ - აქტივობებიდან აღსანიშნავია აჭარის დღეები, რომელსაც დეპარტამენტმა პირველად მინსკსა და თელავივში უმასპინძლა, სადაც დამსწრე საზოგადოებისთვის ქართული ფოლკლორის გაცნობა და აჭარული სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას მედიის, ტურისტული სააგენტოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაინტერესება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამიტომ, უცხოური ტურისტული სააგენტოები ბათუმის მიმართულებით აქტიურად გეგმავენ ტურებს“ , - აცხადებს მერი ემირიძე.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს, 2016 წლის ზაფხულთნ დაკავშირებით დიდი მოლოდინები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სეზონი ჯერ დაწყებული არ არის, ბათუმში ტურისტების ჩამოსვლა უკვე შეინიშნება. 2016 წლის მარტში, 2015 წლის მარტთან შედარებით დამსვენებლების 21%-იანი მატება იყო. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, უკვე მოცემული მაჩვენებელი რომ შენარჩუნდეს, კარგი იქნება, თუმცა, ზაფხულში ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც ხელს მეზობელ ქვეყნებში, რუსეთ-თურქეთის დაძაბული ვითარებაც უწყობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მიმდინარე წელს აჭარის სამიზნე ბაზრების ჩამონათვალს რუსეთიც დაემატა.
„რაც შეეხება უკვე ჩამოსულ ტურისტებს, მათთვის განსხვავებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები გვაქვს . 6 ივნისს, ბათუმში, „Check in Georgia” ანსამბლი ერისიონისა და New York Brass Band-ის კონცერტით გაიხსნება , 7 ივნისს კი, როგორც ცნობილია, ბათუმს ამერიკული პოპ-როკ ჯგუფი „maroon 5” ეწვევა. სხვადასხვა ჟანრისა და გემოვნების კონცერტები დამსვენებლებისთვის სამი თვის განმავლობაში გამიართება. აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად ფესტივალების სერია, „ჰიტ ბათუმიც“ ჩატარდება“ , - აცხადებს მერი ემირიძე.
ზღვაზე დასვენების მსურველების გარდა, წელს აჭარაში ეკოტურისტული მარშრუტებიც განვითარდება. როგორც მერი ემირიძე აღნიშნავს, ტურისტებს გარდა საზღვაო დასვენებისა, წელს საშუალება ექნებათ აჭარის მაღალმთიანეთის მიმართულებით არსებული ეკოტურისტული მარშუტებით ისარგებლონ და ზღვის შემდეგ ბუნებაში განიტვირთონ, რომელიც ქედასა და შუახევში ღვინის და გასტრონომიურ ტურს გულისხმობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმში მდებარე სასტუმროების 80% უკვე დაჯავშნილია, რაც ბადებს მოლოდინს, რომ 2016 წლის სეზონი საკმაოდ წარმატებული იქნება.
„ბათუმის აეროპორტს 8 ახალი მიმართულება დაემატა. ესეც თავისთავად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.
ყველაზე დიდი სიახლე და კომფორტი კი რაც შეიძლება უცხოელ ტურისტებს ბათუმში დახვდეთ ეს ტურისტულ ობიექტებზე მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება. იმ შემთხვევაში თუ სტუმარს, სასტუმროს ან კვების ობიეტის შესასვლელში ხარისხის ნიშანი დახვდება,ნიშნავს, რომ ეს ობიექტი ტურიზმის დეპარტამენტისგან არის რეკომენდირებული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მომხმარებლის უსაფრთხოება და კომფორტი გარანტირებულია“ , - აღნიშნავს მერი ემირიძე.
შეგახსენებთ, რომ აჭარის რეგიონში უცხოელი დამსვენებლების მოიზიდვის მიზნით, წელს, 10 სამიზნე ქვეყანაში ატარებენ მარკეტინგულ კამპანიებს(თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) სადაც გაკეთებულია ონლაინ რეკლამები, გარე რეკლამები,ბილბორდები და ბრენდირებული ავტობუსები.





