მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  თებერვალი  2017

    თბილისში სასტუმრო „რიქსოსი" 2017 წლის ბოლომდე გაიხსნება

    თბილისში სასტუმრო „რიქსოსი" 2017 წლის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, „რიქსოსი" საკმაოდ რთული ტექნოლოგიებით და ძვირადღირებული მასალებით შენდება და სავსებით ბუნებრივია, რომ დასრულებისათვის ბევრად მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე სხვა სტანდარტული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.

    მისი განმარტებით, მის მეზობლად შენდება კიდევ ორი სასტუმრო. შედეგად, „რიქსოსის" მენეჯმენტი მიზანშეწონილად არ თვლის, ამ სასტუმროების გახსნამდე „რიქსოს თბილისის" ამუშავებას და საკუთარი სტუმრებისათვის დისკომფორტის შექმნას ხმაურის, თუ მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო.

    როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა , თავდაპირველად მისი გახსნა 2015 წელს იგეგმებოდა, თუმცა ბიზნეს პალატაში მაშინ განაცხადეს, რომ შენობა მუზეუმების უბანში მდებარეობს, რის გამოც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფასადის მასალას, ამის გამო კი სამშენებლო სამუშაოებმა გაცილებით მეტი დრო მოითხოვა. ამის შემდეგ დაანონსდა,რომ 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა 2016 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.

    შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული და ის ბოლო ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებითაა აგებული. ცნობილია, რომ თბილისური „რიქსოსის" ექსკლუზიურ 22-მეტრიან ჭაღს მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია LASVIT დაამზადებს. „რიქსოსის" მისაღებში 22 მეტრი სიმაღლისა და 4 მეტრი დიამეტრის „მშვიდობის ჭაღი" იქნება დამონტაჟებული, რომელიც სიმბოლურად მტრედებითაა გაფორმებული.

    LASVIT ჩეხეთში 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მინის უნიკალურ ნაკეთობებზე მუშაობს. თავად „რიქსოსი" მაღალი კლასის თურქული ბრენდია, რომელიც 2000 წელს შეიქმნა. ამჟამად კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 30 სასტუმრო აქვს. „რიქოსის" ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბორჯომში, რომელიც 2015 წლის ბოლოს გაიხსნა.

     

    ავტორი: სოფო ქსოვრელი 


პარტნიორები