სიახლეები
-
20 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ვაზისუბნის და მეტრომშენის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მაისში დასრულდება
თბილისის ისნის რაიონში სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ეწყობა სანიაღვრე სისტემა, გარე განათება, ასევე რთული რელიეფიდან გამომდინარე, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები. ასევე, ყოფილი მე-9 სამხედრო დასახლებისა და ვარკეთილი მე-4 მიკრორაიონის III კვარტლის N14, N15 საცხოვრებელი კორპუსების ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ტარდება, იალბუზის N15-ში შენდება საყრდენი კედელი, ნავთლუღის N21-ში მდებარე საყრდენ კედელს კი რეაბილიტაცია უტარდება.
მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი ადგილზე გაეცნო.
ამ დროისთვის ვაზისუბნისა და მეტრომშენის დასახლების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, დასრულებულია მიწის მოჭრისა და მოხრეშვის სამუშაოები და მიწისქვეშა კომუნიკაციების ცენტრალურ მაგისტრალთან მიერთება ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, სამუშოების მეორე ეტაპი, პროექტის შესაბამისად, მოიცავს ბორდიურების, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელებისა და გარე განათების მოწყობას. აღნიშნული გზის სიგრძე 584 მეტრს შეადგენს, მისი საპროექტო ღირებულებაა 450 000 ლარი. მშენებლობას შ.პ.ს. ,,ერ-ტე-დე“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.
„ამ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს აღნიშნული დასახლებების დაკავშირებას კახეთის გზატკეცილთან და მნიშვნელოვნად განტვირთავს ვაზისუბნის დასახლებაში ავტოტრანსპორტის ნაკადს“, – განაცხადეს ისნის რაიონის გამგეობაში.