სიახლეები
-
ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის" ადგილას კორპუსების მშენებლობა 2 თვეში დაიწყება
ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის" ნაცვლად საცხოვრებელი ტიპის კორპუსების მშენებლობა დაახლოებით 2 თვეში დაიწყება. როგორც პროექტის მფლობელი და განმახორციელებელი კომპანია შპს „ნიუ ჰორიზონის" ხელმძღვანელი სერგო კვანტალიანი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ამ დროისთვის მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც მარტი-აპრილის პერიოდში დასრულდება.
მისივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში დაიწყება მშენებლობაც. კვანტალიანის განცხადებით, მშენებლობის დაწყებამდე დაგეგმილია მოსამზადებელი სამუშოების წარმოება, მათ შორის ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის" შენობის დემონტაჟი.
კვანტალიანის განმარტებითვე, აღნიშნულ ობიექტზე ამჟამად იძლებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, საცხოვრებელი კორპუსების დასრულების შემდეგ კი კომპანია „ნიუ ჰორიზონი" მათ ახალ ბინებში შესახლებს. „ეკონომიკის სამინისტროსგან ობიექტი ამ პირობით გადმოგვეცა"-აცხადებს კვანტალიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2016 წლის ბოლოს პირობიან აუქციონზე ყოფილი კინოთეატრი „სიხარულის" შენობა 707 000 ლარად გაყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორს სულ მცირე 1 200 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ თბილისში, თემქის დასახლებაში (კინოთეატრი ,,სიხარული") მდებარე 3184.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ელექტრონულ აუქციონზე 18 ოქტომბერს გამოიტანა. უძრავი ქონების საწყისი ფასი - 461 000 ლარს შეადგენდა.
ავტორი: სოფო ქსოვრელი




