სიახლეები
-
თბილისს სახეშეცვლილი „ვარდების მოედანი“ ექნება
ახალი პროექტი „ვარდების მოედანს“ მრავალფუნქციურ ზონად გარდაქმნის, სადაც იქნება ადგილი დასვენებისთვის, ამფითეატრი წარმოდგენებისთვის და შადრევნები.
თბილისის ცენტრში „ვარდების მოედნის“ რეკონსტრუქციას გერმანელი სპეციალისტები ჩაატარებენ. ის ორდონიანი გახდება, აღნიშნულია არქიტექტურული კომპანია GRAFT-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მარტში კომპანია GRAFT-მა სასტუმრო Radisson Blu Hotel-ის წინ მდებარე ტერიტორიის, ასევე მოედნის ქვეშ გადასასვლელის მოწყობის პროექტზე კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტის თანახმად, „ვარდების მოედანი“ მრავალფუნქციურ ზონად გარდაიქმნება, სადაც იქნება ადგილი დასვენებისთვის, ამფითეატრი წარმოდგენებისთვის და შადრევნები. ამჟამად ამ ტერიტორიაზე ავტოსადგომია.
„დიზაინი დედაქალაქის ტერასული რელიეფის განმასხვავებელ ნიშნებს ასახავს და ქალაქური ლანდშაფტების გამოუყენებელ პოტენციალს ააღორძინებს“, — აღნიშნავენ პროექტის ავტორები.რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელს, რომელიც ამჟამად მიტოვებულია, რეკონსტრუქციის შემდეგ იქ განთავსდება ახალი სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და „ჩაძირული ბაღები“. მიწისქვეშა გადასასვლელი სასტუმროს რუსთაველის გამზირთან დააკავშირებს.
GRAFT-ი ცნობილმა არქიტექტორებმა ლარს კრიუკებერგმა, ვოლფრამ პუტცმა და ტომას ვილემიტმა 1998 წელს დააარსეს. GRAFT-ის ოფისები მოქმედებს ლოს-ანჯელესში, ბერლინსა და პეკინში. GRAFT-ი Radisson Blu Hotel-ის დიზაინისა და რეკონსტრუქციის ავტორია (2009 წელი).





