მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  თებერვალი  2017

    კერძო სექტორი სამშენებლო კოდექსში კორუფციულ რისკებს ხედავს

    კერძო სექტორი სამშენებლო კოდექსში კორუფციულ რისკებს ხედავს. "ჯი დი ჯის" დირექტორი ბეჟან წაქაძე „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ მიღების აუცილებლობაზე საუბრობს და ამასთან, დეველოპერების ზედამხედველობისთვის გათვალისწინებული ახალი ინსტიტუტის ამოქმედების შემთხვევაში კორუფციულ რისკებზე მიანიშნებს, რადგან კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ხარისხის მაკონტროლებლები შესაძლოა, კერძო ლიცენზიანტები იყვნენ.

    "პირველ ეტაპზე ალბათ, რაღაც ჩარჩოებში ჩასმა გაჭირდება, მაგრამ შემდეგ ალბათ, დაიხვეწება. თუმცა კორუფციის საშიშროება არის. ანალოგიური სიტუაცია იყო საგადასახადო ინსპექციაში, როდესაც აუდიტორთა ჯგუფი შექმნეს. აუდიტორს შეეძლო კომპანია შეემოწმებინა და მისი დაწერილი აქტი ანალოგიური ძალის იყო, რაც საგადასახადო ინსპექციაში მომუშავე პირის მიერ, მაგრამ მან არ გაამართლა და გარკვეულ ეტაპზე ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. მე ვფიქრობ, წინასწარ რთულია საუბარი იმაზე, გაამართლებს თუ არა ეს სიახლე, თუმცა კორუფციის საშიშროება ნამდვილად არსებობს“, - განუცხადა ბეჟან წაქაძემ „ბიზნესკონტრაქტს“.

    წაქაძის მსგავსად, კორუფციულ საფრთხეებს არც დეპუტატი, „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია უარყოფს.

    „კორუფციის რისკები ყველგან არის, მაგრამ აქ საუბარია პასუხისმგებლობაზე. ეს ადამიანის სიცოცხლეს ეხება. არა მგონია, ვიღაცამ შეღავათი დაუშვას იმასთან დაკავშირებით, რომ მშენებლობის ხარისხზე ისეთი დასკვნა დაწეროს, რომელიც ხვალ და ზეგ შესაძლოა, ათეულობით და ასეულობით ადამიანის სიცოცხლეს შეეხოს. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება კრიმინალთან, რასაც პროკურატურა მიხედავს“, - განაცხადა ილია წულაიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.

    სამშენებლო კოდექსის მიხედვით, აკრედიტებული ისნპექტირების ორგანოსთვის მშენებლობის ნებართვისთვის მიმართვის საკითხი თავად მშენებლების დისკრეციაა. "თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ირჩევს აკრედიტებულ ორგანოს, მაშინ მის მიმართ ხდება საჯარო ზედამხედველობის დერეგულირება. საჯარო ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილება ამ შემთხვევაში, ძირითადად კერძო აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით შემოიფარგლება", - წერია კოდექსში.

    პარლამენტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის“ საკომიტეტო მოსმენებს სავარაუდოდ ორ კვირაში დაიწყებს.


პარტნიორები