სიახლეები
-
11 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში ახალი საცხოვრებელი უბანი იქმნება - მშენებლობის დასაწყებად ინვესტორი მერიის თანხმობას ელოდება
თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობისათვის ინვესტორი მერიის თანხმობას ელოდება . პროექტს კომპანია „ბრუმველი" ახორციელებს. მისი პარტნიორი კი საქართველოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპია" .
ლაშა ჟვანია რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ 2016 წლის ბოლოსთვის მერიასთან სამუშაოების დასრულების იმედი ჰქონდათ, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები წარმოადგინა, რაზეც მიდის მუშაობა. ჟვანიას თქმით, გეგმის დამტკიცებას დაახლოებით მარტისთვის ელოდებიან და დაიწყება ინვესტიციის შემოსვლა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ეკონომიკის ყოფილი მინისტრის თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია , რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელდა ქვეყანაში.
ჟვანიას განმარტებით, ტერიტორია მუხიანსა და გლდანს შორის 60 ჰექტარზე მდებარეობს. მიწა კერძო საკუთრებაა, ნაყიდი აქვს ინვესტორს და დიდი ხანია ცდილობს დაიწყოს ტერიტორიის განვითარება. მისივე თქმით, ახალი უბანი ხელმისაწვდომი იქნება საშუალო და საშუალო პლიუს კლასისთვის. აქ იქნება სრული განაშენიანება. „ „ბრუმველმა" ახალი უბნის მშენებლობა დაასრულა ჩეხეთში და თბილისშიც ანალოგიური კონცეფცია გადმოაქვს. ეს იქნება დაბალსართულიანი კორპუსები, რადგან არ შეიძლება ლანდშაპტი და მხედველობა დააზიანოს მაღალსართულიანმა კორპუსებმა. ეს არის ევროპული სტანდარტებით მოაზროვნე კომპანია, რომელმაც ზუსტად იცის რა არის მსოფლიოს თანამედროვეობისთვის მისაღები კონცეფცია. დღეს საზოგადოება ეძებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მეტ გამწვანებს ვიდრე ქალაქშია" აცხადებს ჟვანია.
მისი მონაცემებით, საუბარი არის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე.ამ ეტაპზე აქტიურად მიდის მერიასთან, არქიტექტურის სამსახურთან და მუნიციპალიტეტთან მუშაობა, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე პროექტის განხორციელება დროულად დაიწყოს.
პროექტზე კვლევა ჩაატარა PricewaterhouseCoopers-მაც და მათი რეკომენდაციების მიხედვით მიდის დამუშავება.
ლაშა ჟვანიას ინფორმაციითვე, „ბრუმველი" ძალიან დიდი კომპანია, რომელსაც დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელეს, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა. „ეს არის საკმაოდ მსხვილი კომპანია, რომელსაც ცნობილი მეპატრონეები ჰყავს, მისი დამფუძნებლებიდან ერთ-ერთი როთშილდების ცნობილი ოჯახის ფონდის გენერალური დირექტორი იყო და ამ ფონდმა ისრაელის სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს და ქნესეთის შენობა ააშენა, რომელიც შემდეგ როთშილდებმა ისრაელს საჩუქრად გადასცეს" - განმარტავს ლაშა ჟვანია.ავტორი: სალომე სოსელია