მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  თებერვალი  2017

    საყოველთაო ინტერნეტიზაციის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2018 წლის დასაწყისში დაიწყება

    საქართველოს მთავრობამ გასულ წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი დააანონსა, რომლისთვისაც მთლიანობაში 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. თანხას პროექტისთვის ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ქართუ" გამოყოფს. ეკონომიკის სამინისტროს გეგმით, 2020 წლისთვის მოსახლეობის 90%-ს მაინც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 15 MB-იან ინტერნეტთან წვდომა. როგორ მიმდინარეობს პროექტი და როდის დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. "ბიზნესკონტრაქტის" შეკითხვებს "ოუფენ ნეტის" დირექტორი ნინო ქუბინიძე პასუხობს:

    - რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი?

    - საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე 2016 წლის 28 ივლისის მთავრობის #375 დადგენილების შესაბამისად, მიმდინარეობს მაგისტრალური ქსელის დაგეგმარებისა და შეფასების პროცესი, რომლის დასრულებისთანავე დაიწყება შესაბამისი აქტივობები, მათ შორის - გამოცხადდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ მშენებელ კომპანიას.


    -დასრულდა თუ არა ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტზე მუშაობა და როგორ ჩამოყალიბდა ეს კომპონენტი?

    ფინანსური ხელშეწყობის კომპონენტზე მუშაობა 2016 წლის დეკემბრის დასაწყისში დასრულდა. აღნიშნული კომპონენტი ემსახურებოდა სატელეკომუნიკაციო სექტორში კერძო სამეწარმეო საქმიანობის წახალისებას.

    ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კომერციულ ოპერატორებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საკუთარი ხარჯით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით დაეფარათ ნებისმიერი დასახლებული პუნქტი, სანაცვლოდ, სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფო იღებდა ვალდებულებას, რომ ოპერატორების მიერ საინვესტიციო გეგმების განსახორციელებლად შერჩეულ დასახლებულ პუნქტებში საკუთარი (სახელმწიფო) ინფრასტრუქტურის მშენებლობას არ განახორციელებდა. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ თანადაფინანსებით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბანკის მიერ ოპერატორისთვის კრედიტის გაცემის შემთხვევაში, „ოუფენ ნეტი“ განახორციელებდა ბენეფიციარის კრედიტის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10 პროცენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში და 12 პროცენტის ოდენობით - ეროვნულ ვალუტაში, კრედიტის გაცემიდან, არაუმეტეს, 120 თვის განმავლობაში.


    - როდის დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოები და რა პროცედურები უსწრებს ამას წინ?

    მაგისტრალური ქსელის მშენებლობამდე უნდა დასრულდეს ქსელის დაგეგმარება, შეფასება და მომზადდეს საკონკურსო ტექნიკური და იურიდიული დოკუმენტაცია; შემდეგ გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა და გამოვლინდება ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებელი გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაუკვეთავს და ჩამოიტანს აპარატურას და დაიწყებს მაგისტრალური ქსელის მშენებლობას. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები გეგმიურად წარიმართება, ქსელის მშენებლობა, სვარაუდოდ, დაიწყება 2018 წლის დასაწყისში. 


პარტნიორები