სიახლეები
-
08 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სადგურის კაპიტალური რეაბილიტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და თბილისის მერიის ინიციატივით, მეტროსადგურების განახლების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.
თბილისის მერმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „გურამიშვილის“ სადგურამდე მონაკვეთიც დაათვალიერა.
„სამუშაოები ითვალისწინებს, როგორც მეტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ვიზუალური მხარის მოწესრიგებას და უსაფრთხოების სისტემების გამართვას, რათა სადგურები მაქსიმალურად კომფორტული იყოს და მოქალაქეებს უკეთესად მოემსახუროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას დავით ნარმანიასთან ერთად, მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე ესწრებოდნენ.
პროექტის მიხედვით, ინტენსიური სარემონტო სამუშაოები „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ გამაგრებითი სამუშაოები.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განახლდება მეტროსადგურების ყველა ბაქნის და შესასვლელის ინტერიერი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ გვირაბებს, გრანიტითა და მარმარილოთი მოპირკეთდება იატაკი. სადგურებში კი ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები დამონტაჟდება.
მათივე ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული, რამდენიმე კომპანია ახორციელებს. კერძოდ „ახმეტელის თეატრის“ სადგურის განახლებაზე კომპანია „დამბა“ მუშაობს, „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოებს – შპს „ყვარელრემმშენი“, ხოლო მეტროსადგურ “ავლაბრის” გამაგრებით სამუშაოებს კომპანია „აბსოლუტპლიუსი“ ახორციელებს.
„თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2017 წელს კიდევ ოთხი სადგური განახლდება,“-აცხადებენ მერიაში.