მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  თებერვალი  2017

    თბილისის ათეშგას პირდაპირ მშენებლობა განახლდა - "ICOMOS საქართველო" კვლავ აპროტესტებს

    თბილისის ათეშგას პირდაპირ, გომის ქუჩის N1-ში მიმდინარე სასტუმროს მშენებლობა განახლდა. შესაბამისი ნებართვა თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, მშენებლობის პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანის საფუძველზე და საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით გასცა. მშენებლობის ვადა 2017 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა.

    როგორც „სითი კვირას" თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, გომის ქუჩის N1-ში მშენებლობის პროექტის ვიზუალური მხარე, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით დაიხვეწა​. შეიცვალა შენობის ფუნქცია. კერძოდ ნაცვლად სამბინიანი საცხოვრებელი სახლისა შენობას მიენიჭება 20 ნომრიანი სასტუმროს ფუნქცია. სასტუმრო სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვისაც. სართულებზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც კიბით, ასევე ლიფტით. მცირედით იცვლება ვიზუალური მხარე, ძველ პროექტში გათვალისწინებული მოაჯირები უცვლელი რჩება და ისინი მხოლოდ ღია კრემისფრად შეიღებება.

     

    როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, ​​​​​მშენებლობის ფარგლებში, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ძირითადი კონსტრუქციული სისტემის, ინტერიერის საერთო, ან საზოგადოებრივი სარგებლობის ნაწილების, ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო -კომუნალური ქსელების, ექსტერიერისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოწყობა. ბრძანების საფუძველზე, მშენებლობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, ან განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად უნდა აწარმოონ.

    მწვანე ნარგავებს რაც შეეხება, ხილ-კენკროვანი მცენარეების გარდა, მათი მოჭრის, ან გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში, ნებართვა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა უნდა გასცეს.
    ​მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, სასტუმროს მშნებლობის დამკვეთი არის შპს "ფრენდს ჰოტელი". ნაგებობა განთავსებულია 416კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების ფართობი კი 234 კვ.მ -ს შეადგენს.

    "ნაკვეთს ტრაპეციის ფორმა აქვს და სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გომის ქუჩა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან - ასკანის ქუჩა, ხოლო დასავლეთით მოსაზღვრე ნაკვეთი. საპროექტო ნაკვეთზე განლაგებული ყოფილა 19-ე საუკუნის საცხოვრებელი სახლი. სახლის არქიტექტურული სტილის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი, რომელსაც გვაწვდის ბეთლემის ქუჩიდან გადაღებული ფოტო. განმარტებითი ბარათის თანახმად, ფოტოზე ჩანს ეზოს მხარეს განლაგებული აივნების ნაწილი და ეზოს შესასვლელში განთავსებული თაღი. სახლი გადახურული იყო კონვერტისებრი სახურავით. დღეისათვის ნაკვეთზე განლაგებულია 3 სართულიანი შენობა სარდაფით. რომლის პროექტიც თბილისის მერიასთან 2007 წელს შეათანხმეს. შენობა დაუსრულებელია, მას არ აქვს კარ-ფანჯრები და არც ეზო არის კეთილმოწყობილი. ასევე საჭიროებს კონსტრუქციულ გამაგრებას, დასასრულებელია საინჟინრო ნაწილი",- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


    მათივე განმარტებით, შენობის სამხრეთი და აღმოსავლეთ ნაწილის გარე კედელი და ასევე ღობე მთლიანად ქართული აგურით არის ნაშენები. სახურავზე, სავარაუდოდ ღია ტერასა იყო მოწყობილი, რომელზე მოხვედრაც სამხრეთ ნაწილში არსებული კიბითა და კიბეზე დამონტაჟებული შშმ პირთათვის გათვალისწინებული ლიფტით იქნება შესაძლებელი.

    ტერასის კიბეზე დამონტაჟდება HIRO 320 კლასის შშმ პირთათვის განკუთვნილი ლიფტი, რომელიც გათვლილია მოხვეულ რელსებზე გადასაადგილებლად. ტერასის მოაჯირად გამოყენებულია სამხრეთის და დასავლეთ ნაწილებში აგურის პარაპეტი, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე ბაგირის მოაჯირი. სართულების დამაკავშირებელი ლითონის ღია კიბე, რომელიც განთავსებულია შენობის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შეიფუთება აგურითა და ვიტრაჟით.

    ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი "ICOMOS საქართველოს" წევრები, გომის ქუჩის №1​-ში არსებული ორსართულიანი თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლისთვის სართულის დამატებას და შენობის სახურავზე რესტორნის განთავსებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ისტორიული ძეგლის წინ არსებული ორსართულიანი შენობისთვის კიდევ ერთი სართულის დამატება თბილისის ათეშგას დაჩრდილავს.


     

    მათივე თქმით, თბილისის ათეშგას, იგივე "ცეცხლის ტაძრის" ბაქნიდან ხედი კალაზე იშლება და სწორედ ეს სივრცითი კონტექსტია მნიშვნელოვანი ამ ადგილისთვის, როგორც თბილისის მდიდარი, ურთულესი, მრავალსაუკუნოვანი და მრავალშრიანი ისტორიის ფიზიკური მოწმისთვის. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და მისი კონსერვაციისა და რეაბილიტაციის თანხები საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ გაიღო.

    „სამწუხაროდ ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა არ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები, მოთხოვნები, პროტესტი და მაინც დაამტკიცა ათეშგას წინ კაფეს დაშენების პროექტი. პროექტი მცირედ სახეცვლილია, ტერასის განაშენიანებული პერიმეტრი ოდნავ შემცირებულია, კიბის უჯრედის მოცულობა არ ამოდის არსებული მოცულობის ნიშნულს ზემოთ და დაშენების დიზაინი ნაკლებ აგრესიულია", -აცხადებენ ორგანიზაციაში.
    მათივე განმარტებით, 4 იანვარს ICOMOS -ის წერილისა და გვერდით მდგომი სახლის მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე, მიწვეულები იყვნენ მერიის არქიტექტურის სამსახურში, სადაც მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.

    „სამწუხაროდ ეს არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული. რენდერზე გამოსახული ერთი შეხედვით "გამჭვირვალე" და "მსუბუქი" მოცულობის შიგ, ნახაზებზე განთავსებულია: საპირფარეშო, ლიფტი და ბუფეტი. შესაბამისად კარგად გესმით, რომ ვიზუალურად სულ სხვა ეფექტს მივიღებთ. სწორედ ეს პრეტენზია გვქონდა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოში ჩვენს კოლეგებთან, როდესც ესკიზურ წინადადებაზე გავაკრიტიკეთ პრინციპული თანხმობა, თუნდაც შენიშვნებით, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია", - განაცხადეს ორგანიზაციაში.

    მათივე თქმით, ყოველივეს ხელს ისიც უწყობს, რომ თბილისის ისტორიულ უბანში მიმდინარე ფართომასშტაბიანი მშენებლობების ფონზე, ეს შემთხვევა იკარგება და ძნელად აღსაქმელია, როგორც მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორც სახელმწიფო მოხელეებისთვის, ისე საზოგადოების ნაწილისთვის.
    „ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ, როგორმე უნდა მივაღწიოთ თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების, ძალიან დეტალურ დამუშავებასა და დამტკიცებას. სხვა საკანონმდებლო და მარეგულირებელი მექანიზმები საქართველოში არ ჭრის. არსებული ინსტიტუციური ინფრასრუქტურის ხარვეზების, პოლიტიკური წნეხის, პროფესიული ეთიკისა თუ კვალიფიკაციის პირობებში ყოველთვის იქნება ინტერპრეტაციის საშუალება და საჭირო ღონისძიებებისგან გვერდის ახვევის საშუალება", -აცხადებენ ორგანიზაცია "ICOMOS საქართველოს" წევრები.

     

     

     


პარტნიორები