მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  თებერვალი  2017

    მცხეთელები მშენებლობაზე მორატორიუმის გაუქმებას ითხოვენ – დაწუნებული გენგეგმის ავტორს კი პროექტის გადამუშავების ვალდებულება არ აქვს

    რა ელის მცხეთის საკრებულოს მიერ დაწუნებულ ქალაქის განვითარების ახალ გეგმას, რომლისთვისაც სარეზერვო ფონდიდან 160 ათასი ლარი გამოიყო და შემსრულებელმა კომპანია შპს „სალი 2011"-მა მიიღო. როგორც „კომერსანტმა" გაარკვია მიუხედავად იმისა, რომ იუნესკომ და შემდეგ უკვე მცხეთის საკრებულომ ქალაქის განვითარების ახალი გეგმა არ მოიწონა, კომპანიას გეგმის თავიდან შემუშავების ვალდებულება არ აქვს.

    როგორც მცხეთის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ რევაზ მამულაშვილმა განაცხადა ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით ახალი სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია.

    „კომპანიას ახალი გეგმის შემუშავების ვალდებულება არ აქვს. დოკუმენტი მიღებულია ჩაბარებულია მერიაში და ეს დოკუმენტი გადმოგვეცა განსახილველად ჩვენ და გაიგზავნა იუნესკოშიც, სადაც უარყოფითი შეფასება მიიღო. რა თქმა უნდა, იუნესკოზე დიდი ექსპერტები არ გვყავს, ამიტომ დავეყრდენით მათ რეკომენდაციებს და აღნიშნული დოკუმენტი არადამაკმაყოფილებლად მივიჩნიეთ. ახლა რა იქნება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, კოლეგიალური ორგანოა საკრებულო და იქ უნდა ვიმსჯელოთ. ამ დღეებში ალბათ, უკვე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ ნაბიჯებზე, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო ჯგუფი შექნილი საკრებულოში,რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვმუშაობთ აღნიშნული გეგმის გადამუშავებაზე იუნესკოს რეკომენდაციების გათვალისწინებით. თუმცა როდის დადგება კონკრეტული შედეგები და როდის გვეწვევიან იუნესკოს წარმომადგენლები, ამას ვერ გეტყვით. ჩვენი მხრიდან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს",-ამბობს რევაზ მამულაშვილი.

    როგორც ცნობილია შპს „სალი 2011"-ის წარმომადგენლები საკრებულოსა და იუნესკოს შენიშვნებს არ ეთანხმებიან, თუმცა მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ წარდგენილი გეგმის მიხედვით ქალაქის განვითარების პროცესი არ წარიმართება.

    „გეგმის ავტორებს სრული უფლება აქვთ არ დაეთანხმონ ჩვენს შენიშვნებს, შეუძლიათ სასამართლოს გზით იდაონ და ა.შ. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ისინი პროფესიონალები არიან და შესრულებულიც აქვთ მსგავსი სამუშაოები, თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს იუნესკოს დასკვნა. საბოლოოდ საკრებულოს გადასაწყვეტი იყო მიიღებდა თუ არა აღნიშნულ გეგმას და ჩვენ გადავწყვიტეთ და მოსახლეობის პოზიციაც ასეთი იყო, რომ გეგმა საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება",-აცხადებს ჯიშკარიანი.

    მცხეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას ქალაქის განვითარების ახალ გეგმასთან ერთად, მთავრობის მიერ მიწების გასხვიებასა და მშენებლობების დაწყებაზე მორატორიუმის ორი წლით გაახანგრძლივებაც იწვევს. როგორც „კომერსანტისთვის" გახდა ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს მცხეთის მოსახლეობა აქციის გამართვას გეგმავს.


    „მორატორიუმი, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის მშენებლობას და ხელს უშლის ქალაქის სამომავლო განვითარებას, მოიცავს არა მხოლოდ ქალაქ მცხეთის ტერიტორიას, არამედ სოფელ წიწამურის ტერიტორიასაც და მოქალაქეებს საშუალებას არ აძლევს გამოიყენონ მათ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. წლების განმავლობაში მცხეთის მოსახლეობა ითხოვს მშენებლობის კოეფიციენტების დადგენას და რეგულაციების დაწესებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ისე, რომ გათვალისწინებული იქნება კულტურული მემკვიდრეობის და მცხეთის ისტორიული იერსახის მნიშვნელობა და განსაკუთრებულობა. სანაცვლოდ, დღეს გვთავაზობენ გენერალური გეგმის პროექტს, რომელიც კლავს ქალაქის მომავალს, აზარალებს კერძო საკუთრების მფლობელებს და რომელიც ერთნაირად მიუღებელია როგორც მოსახლეობისთვის, ისე იუნესკოს სამუშაო ჯგუფისთვის და ადგილობრივი საკრებულოსთვის.

    აქციაზე ჩვენ მოვითხოვთ, გაუქმდეს მორატორიუმი, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს და რომელსაც ვადა გაუგრძელდა 2019 წლამდე, მიეცეს მცხეთის მოსახლეობას კერძო ნაკვეთებში მშენებლობის უფლება სათანადო რეგულაციების გამოყენებით და ახალი გენგეგმის შემუშავება მოხდეს აუცილებლად მოსახლეობის ჩართულობით და ქალაქის სამომავლო განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით, ქალაქის, რომელსაც შესაბამისი განაშენიანების და ინფრასტრუქტურის პირობებში, გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი", - აცხადებს მცხეთის მკვიდრი ნატო საგინაშვილი.

    ვისი პასუხისმგებლობაა მორატორიუმის გაგრძელება, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება, ამ კითხვით „კომერსანტმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა.

    ილია ჯიშკარიანის განცხადებით მორატორიუმის გახანგრძლივება ან შეწყვეტა საკრებულოს პრეროგატივა არ არის. „მორატორიუმი ჩვენს დონეზე არ წყდებოდა, ეს მთავრობის დადგენილებაა. მორატორიუმის შეწყვეტა შესაძლებელია ვადაზე ადრეც თუ ყველაფერი წინ წავა და იმედი მაქვს ასეც იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,რომ ქალაქი საფრთხის შემცველ ნუსხაში არ დარჩეს", - აცხადებს ჯიშკარიანი.

    თუმცა როგორც აღმოჩნდა, მთავრობამ მორატორიუმი 2019 წლამდე იმიტომ გაახანგრძლივა, რომ მცხეთის საკრებულომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება ვერ შეძლო. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი თეო ონიანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ საკრებულო მორატორიუმის ვადის ამოწურვამდე შეძლებს აღნიშნული დოკუმეტაციის მიღებას, მორატორიუმიც ვადაზე ადრე შეწყდება.

    „მორატორიუმი ანუ ქალაქმშენებლობის შეზღუდვის არეალი მცხეთაში განისაზღვრა იმის გამო, რომ დღეს ქალაქს არ გააჩნია სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, ეს არის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც საფრთხეს წარმოშობს, რომ მცხეთაში მშენებლობები წარიმართოს ისევე ქაოტურად როგორც ეს დღესდღეობით არის თბილისში და მივიღოთ ისტორიული იერსახისთვის შეუსაბამო შენობა-ნაგებობები. იუნესკოს რეკომენდაციებიც იყო, რომ შეზღუდვები დაწესებულიყო მთავრობის მხრიდან მანამდე, სანამ არ გვექნებოდა სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია. შარშან წლის ბოლომდე მცხეთის მუნიციპალიტეტს უნდა შეემუშავებინა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რის მიხედვითაც შეიქმნებოდა განაშენიანების რეგულირების გეგმა.

    სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა თვითონ მცხეთის მუნიციპალიტეტმა დაიწუნა მათ მიერ დაქირავებული ჯგუფის შემუშავებული პროექტი. და მორატორიუმის ვადის გასვლის დროს აღმოვჩნდით ზუსტად იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო მორატორიუმის შემოღებამდე. შესაბამისად, რადგან არ იყო ამ კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები მთავრობამ მიიღო მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება. თუ მოხდა და 3 თვეში შეიმუშავებენ დოკუმენტს 3 თვეში შეწყდება მორატორიუმიც. მისი მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ გვქონდეს სრულყოფილი ქალაქმშენებლობითი გეგმა",-განაცხადა თეო ონიანმა.


    ავტორი: ნათია სოსიაშვილი


პარტნიორები