სიახლეები
-
06 თებერვალი 2017
თქვენი რეკლამა
ნაძალადევის რაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის ნაძალადევის რაიონში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.
პროექტს თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ კომპლექსში კრივის არენა, საჭიდაო მოედანი, დიდი და საშუალო ზომის დახურული ტიპის საცურაო აუზები განთავსდება.
“თემქის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოიცავს საცურაო აუზს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის, ასევე რინგს და სხვადასხვა სპორტულ მიმართულებებს. კომპლექსს ექნება კაფე, ღია ტერასა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომპლექსის რეაბილიტაცია სპორტული, დასვენების თვალსაზრისით და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება 3 727 642 ლარს შეადგენს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წელს დასრულდება. “ამ დრომდე ნაძალადევის რაიონში მსგავსი ფუნქციური სპორტული კომპლექსი არ არსებობს”, -აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერთან ერთად, სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროცესი მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ და ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ დაათვალიერეს.