სიახლეები
-
2017-2019 წლებში საქართველოში 30-მდე ახალი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი
2017-2019 წლებში საქართველოში 30-მდე განთავსების ობიექტის მშენებლობის დასრულებაა დაგეგმილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, აქედან 12 ობიექტის გახსნა თბილისში იგეგმება. მათ შორისაა: სასტუმრო ინტერკონტინენტალი, ჰილტონ გარდენ ინი, Park inn by Radisson, Radisson Blu Telegraph, Ramada Encore, Golden Tulip, Panorama Freedom Square, Panorama Sololaki, Moxy Hotels, Pullman Hotels.
სასტუმრო "ინტერკონტინენტალის" მშენებლობას "აჭარა ჯგუფი" ახორციელებს. "ჰილტონ გარდენ ინი" კი თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე განთავსდება. Radisson Telegraph-ის მშენებლობას "სილქ როუდ ჯგუფი" ახორციელებს.
რაც შეეხება სხვა ქალაქებში ასაშენებელ ობიექტებს, - "რუმსის" სასტუმროს განვითარება იგეგმება ბათუმში, - "აჭარა ჯგუფი" მის გახსნას შემოდგომისთვის გეგმავს. ბათუმში შენდება Courtyard-ის და Best Western-ის სასტუმროც, რომელიც საქართველოში გასულ წელს შემოვიდა. ამასთან მომდევნო ორ წელში იგეგმება ბათუმში Babylon Tower-ის მშენებლობის დასრულებაც. ამასთან, რადისონის სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს წინანდალშიც.
2016 წელს საქართველოში 9 სასტუმრო გაიხსნა და ჯამში 3100-ზე მეტი ახალი საწოლი ადგილი შეიქმნა.
2016 წლის მდგომარეობით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული განთავსების საშუალებების რაოდენობამ 1,765 შეადგინა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობამ 57,049.
თბილისი ლიდერია 14,837 (26%) საწოლი ადგილით, მას მოსდევს აჭარის რეგიონი - 11,615 (20%) რაოდენობით.
სამცხე-ჯავახეთში 8145 საწოლი ადგილია, იმერეთში - 5078, მცხეთ-მთიანეთში - 4799, გურიაში 4405, ხოლო კახეთში კი 3101.




