მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  იანვარი  2017

    მშენებლებს ქალაქის ცენტრში კორპუსის აშენება უჭირთ

    სამშენებლო კომპანიები ბაზრიდან მუდმივად ქრებიან და მათ სხვა დეველოპერები ენაცვლება. მთავარი მიზეზი მათი საქმისადმი არაპროფილური მიდგომაა. ამის გამო კომპანიები კონკურენციას ვერ უძლებენ და "თამაშიდან" გადიან.

    სამშენებლო დარგის ექსპერტები ტენდენციის გამომწვევ რეალურ მიზეზებზე საუბრობენ. სპეციალისტები ასევე სამშენებლო კომპანიაში ბანკის როლზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საკრედიტო რესურსი შეზღუდული აქვთ. ეს კი სამშენებლო კომპანიების ბაზრიდან გასვლის ერთ-ერთი და უმთავრესი პირობაა.

    დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში სამშენებლო კომპანიებს საქმიანობა ძალიან უჭირთ. ბოლო დროს ისინი ვერც ახალი მშენებლობის წამოწყებას ახერხებენ და ძველის დასრულებაც უძნელდებათ. მიზეზი - გარეუბნებში აშენებული ახალი კორპუსებია, რომელიც სიიაფიდან გამომდინარე უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ცენტრში მდებარე საცხოვრებელი ბინები.

    "აიჯიეს ჯგუფის" ხელმძღვანელი შოთა გუჯაბიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ სამშენებლო ბაზრიდან ქრებიან ისეთი კომპანიები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას არასწორად უდგებიან, რის გამოც დასაწყისშივე განწირულნი არიან. იგი დეველოპერების საქმიანობაში ბანკის გავლენაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შეზღუდულია საკრედიტო რესური, რაც სამშენებლო სფეროს ნგრევას უწყობს ხელს.

    "ბაზრიდან ქრებიან შედარებით სუსტი კომპანიები. პირველი შეცდომა, რასაც დეველოპერები უშვებენ, არის საქმის არაპროფესიონალური მიდგომა. ეს რისკის ქვეშ აყენებს მათ არსებობას. ჩვენთან დამკვიდრებულია ტენდენცია: ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, შეიკრიბება ორი თანამოაზრე და ცდილობენ ბიზნესის წამოწყებას. ასეთი მიდგომა სამომავლოდ იწვევს გართულებას. ეს ფუნდამენტურად მცდარი მიდგომაა.

    მეორე ფაქტორი ბაზარზე შეიძლება იყოს ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შეზღუდული საკრედიტო რესურსი. საქართველოში დეველოპერული სესხის გაცემის პრინციპიც არასწორი და მიკერძოებულია. ამგვარი დამოკიდებულება დეველოპერული კომპანიების განვითარებას ხელს უშლის. სწორედ ამის გამო უწევს უკვე მშენებარე ობიექტების იპოტეკით დატვირთვა, რათა ყოველი შემდეგი მშენებლობა არ იყოს დასაწყისშივე განწირული. სამწუხაროდ, შედეგი ყოველთვის კარგი არ აქვთ", - აცხადებს გუჯაბიძე.

    სამშენებლო სფეროს სპეციალისტი გურამ ფალავანდიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სამშენებლო ბიზნესმა 2008 წლიდან დიდი კრიზისი გამოიარა, რასაც შეეწირნენ სუსტი კომპანიები. კრიზისმა შედარებით ძლიერი დეველოპერებიც დააზარალა და მათ გარკვეული ვალი დაუტოვა, რის გამოც რამდენიმე საფეხურით უკან დაიხიეს.

    "საკმაოდ დიდი კრიზისი განიცადა სამშენებლო ბაზარმა 2008 წლიდან, ზოგიერთმა ვერ გაუძლო ამ წნეხს და ბაზარი დატოვა. არა მარტო პატარა, არამედ დიდ დეველოპერებსაც გაუჭირდათ და დავალიანება დარჩათ. მეორე ფაქტორია ისიც, რომ "საქართველოს ბანკის" შვილობილმა ააშენა საცხოვრებელი კორპუსები, რამაც ბევრი კომპანია "დაჩაგრა".

    ამჟამად ბევრი კომპანიაა, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ, მაგრამ, ძირითადად, გარეუბნებში. ბოლო პერიოდში მშენებლები სწორედ გარეუბნების მიმართულებით გააქტიურდნენ, რადგან ქალაქის ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით, იქ საკმაოდ იაფია მიწის შეძენა.

    ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა თუ რამდენმა კომპანიამ დატოვა ბაზარი, პატარა დეველოპერები ყოველთვის იარსებებენ და არ არის გამორიცხული, კარგი შედეგიც აჩვენონ", - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

     

     


პარტნიორები