სიახლეები
-
26 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო 2018 წელს გაიხსნება
კომპანია Carlson Rezidor Hotel Group და „რედ-კო“ ბაკურიანში სასტუმროს Radisson Blu Gudauri-ს 2018 წელს გახსნიან, ეს იქნება გუდაურში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
Carlson Rezidor-ის ჯგუფი საქართველოში აქტიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის მეშვეობით. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ახალ მიმართულებებს ირჩევს და აფართოებს ქსელს არამხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც. კომპანიას უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული გუდაურში მართოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.
თბილისში Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტი დევიდ ჯენკინსი კომპანია „რედ-კოს“ წამომადგენლებთან ერთად ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ბოჭორიშვილს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს მთის კურორტების საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო ახალი გუდაურის განვითარებასაც. ქეთევან ბოჭორიშვილმა კომპანიის წარმომადგენლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის ინიცირებით გუდაურში განხორციელდა.
“ეს კიდევ ერთხელ პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს ასევე ტურიზმის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბრენდები, მათ შორის „რედისონი“ საქართველოს რეგიონებით ინტერესდებიან, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ცნობადობას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, გაუმჯობესდება სერვისების მიწოდება და ხარისხი და გაიზრდება საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა“ – განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ სტუმრები გუდაურში გაემგზავრნენ, სადაც ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ონოფრიშვილთან ერთად კურორტს, ,,რედ-კოს“ მიერ უკვე აშენებულ და ოპერირებაში მყოფ აპარტოტელებსა და ახალი სასტუმროს „Radisson Blu Gudauri“-ს სამშენებლო ტერიტორიას დაათვალიერებენ.
როგორც „რედ-კოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პირველი ხუთვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში.