სიახლეები
-
26 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს
თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ამ ეტაპზე სამუშაოები 6 მისამართზე მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წერეთლის გამზირის N77-ის მე-5 და დიღმის მასივის მე-3 კვარტლის 39-ე კორპუსებში სართულებს შუა ნაპრალების რეაბილიტაცია ხორციელდება; ფოთის ქუჩის N44-ში მდებარე ავარიულ საცხოვრებელ სახლში საძირკველი და სარდაფი მაგრდება; წყალტუბოს ქუჩის N-3-ში სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს; წერეთლის გამზირის მე-6 კორპუსში ქანობიანი სახურავი რემონტდება, ხოლო დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსის ამორტიზებული წყალსაწრეტი მილები ახლით იცვლება.
გამგეობის ინფორმაციით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარდგენილი პროექტები დიდუბის რაიონის გამგეობამ 117 374 ლარით დააფინანსა.
„2017 წლის იანვარში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან 99 განცხადებაა შესული. ამხანაგობების მიერ შემოტანილი განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – განაცხადეს გამგეობაში.