სიახლეები
-
თბილისში 40 სართულიანი თაუერი შენდება -"აპარტამენტები ძირითადად არარეზიდენტებზე გაიყიდება"
ალიანს ჯგუფი" ვაკეში პრემიუმ კლასის კომპლექსს აშენებს. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი აკაკი სონღულია ჩვენთან საუბარში აცხადებს, პროექტი სამი თაუერისგან შედგება, პირველ ბლოკში იქნება ყველაზე მაღალი 40 სართულიანი შენობა, სადაც განთავსდება პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი, ორ თაუერში კი სასტუმრო და აპარტამენტები იქნება. მისივე თქმით, სასტუმროს ოპერატორი უმსხვილესი ჯგუფი Wyndham Hotel Group-ში შემავალი Wyndhem Garden-ი იქნება.
ბიზნესმენის ინფორმაციით, აპარტამენტების გაყიდვა ძირითადად არარეზიდენტებზეა დაგეგმილი, საცხოვრებელში კი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. თაუერები ვაკეში სპორტის აკადემიის უკან განთავსდება , კომპლექსში მოეწყობა სრული ინფრასტრუქტურა, 3 სართულიანი ავტოსადგომი მიწისქვეშ, საცურაო აუზი, სპა, ფიტნესი, კონსიერჟის სერვისი და თანამედროვე ტექნოლოგიები. სონღულიას განმარტებით, გამოყენებუელი იქნება ალტერნატიული ენერგიის წყარო და მოსახლეობას საერთო სივრცეების კორიდორის, ლიფტის მომსახურებისთვის გადასახადის გადახდა არ მოუწევს. კომპლექსამდე მისასვლელი გზა თამარაშვილის ქუჩიდანაც მოეწყობა.
„ალიანს ჯგუფის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანიას წარმომადგნელობები მსოფლიოს 7 ქვეყანაში აქვს, ძირითადად დსთ-ში, საიდანაც საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მსურველთან რაოდენობა დიდია. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე ბუმს ელოდებიან, რადგან ზოგადად საქართველოში ინფრასტრუქტურა სწრაფად ვითარდება, ტურისტულ ინდუსტრიაში და ვიზიტორთა რაოდენობაშიც პოზიტიური ზრდის ტენდენციაა.
„ მაღალი და საშუალო სასტუმრო და აპარტამენტები მოთხოვნადია. მითუმეტეს თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 70% აჭარბებს, ამიტომ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მითუმეტეს ამ სექტორში დიდი გამოცდილება გვაქვს" აცხადებს სონღულია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ დოლარამდეა, მისი დასრულება კი 2019 წელსაა დაგეგმილი.
თბილისის გარდა „ალიანს ჯგუფი" ბათუმში „ალიანს პალასის"პროექტს ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს და საცხოვრებელ აპარტამენტებს აერთიანებს. მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია. სასტუმროს ოპერატორი ბათუმში „მარიოტი" იქნება. პროექტი 2018 წლის მაისში დასრულდება. ამას გარდა, „ალიანს ჯგუფი" 10 ნომრიან სასტუმროს, რომელიც Ramada resorts-ის ბრენდის ქვეშ იქნება, კურორტ გოდერძიზეც აშენებს, მისი გახსნაც 2018 წელსაა დაგეგმილი.




