სიახლეები
-
23 იანვარი 2017
თქვენი რეკლამა
ბერიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისთვის 200 000 ლარი დაიხარჯება
თბილისის სამგორის რაიონში, ბერიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასფალტის საფარს ბერიაშვილის ქუჩის 500 მეტრიან მონაკვეთზე დააგებენ, მოაწყობენ სანიაღვრე ქსელს. პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბერიაშვილი ქუჩა ერთმანეთთან აკავშირებს აბაშვილის და გახოკიძის ქუჩებს, მისი კეთილმოწყობით განიტვირთება საავტომობილო ნაკადები, რომლებიც დღის განმავლობაში ამ ქუჩებზე იყრის თავს და გადაიჭრება წლების განმავლობაში იქ არსებული გადაადგილების პრობლემა. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სკინჩი“ აწარმოებს.
მათივე ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად გაეცნო.
დავით ნარმანიას განცხადებით, გზების რეაბილიტაცია სამგორის რაიონში დღეისთვის, ოცამდე მისამართზე მიმდინარეობს, ეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
“კონკრეტულად ეს პროექტი, რამდენიმე დღის წინათ დაიწყო და ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის გზა კეთდება, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ორ ქუჩას აკავშირებს. ამ თვალსაზრისით გადაადგილება ძალიან რთული იყო და, შესაბამისად, ქუჩის მოწესრიგება გადაწვწყვიტეთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, ბერიაშვილის ქუჩის გარდა, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს წმინდა ბარბარეს უბანში და ლილოს დასახლებაში, ასევე, გიგინეიშვილის, აღნიაშვილის, გაიოზ რექტორის და თამარის ქუჩებზე. აღნიშნულ მისამართებზე, გზის საფარის განახლების გარდა, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და ეწყობა სანიაღვრე ქსელი.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად, სამგორის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაო ხორციელდება. შიდა კვარტალური ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს მე-3 მასივის მე-10 კვარტალში და ვარკეთილის I-II მიკრო რაიონებში. აღნიშნულ მისამართებზე იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
გარდა ამისა, საყრდენი კედლები ეწყობა ქვემო სამგორში, N83-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-4 ჩიხში.
ვარკეთილის I მ/რ-ში, მე-15 კორპუსის მიმდებარედ კი სათამაშო მოედანი მოეწყობა.