სიახლეები
-
გაზაფხულიდან თბილისის თიზ-ში ინფრასტრუქტურა იმ დონემდე მომზადდება, რომ ნებისმიერი მშენებლობის განხორციელება იქნება შესაძლებელი"
მიმდინარე წელს თბილისის ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. როგორც შპს ’’ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე აღნიშნავს, მომავალი წლიდან ზონაში თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას და პროდუქციას ექსპორტისთვის დაამზადებენ, - თემის დეტალებით, ’’ბიზნესკონტრაქტთან“ შპს ’’ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე საუბრობს.
- ბატონო გიორგი, თბილისის თიზ-ი ინფრასტრუქტურის მოწყობაში 2 მილიონი ლარის ჩადებას აპირებს, აღნიშნული თანხა კონკრეტულად რაში დაიხარჯება?
- მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა, უპირველესად ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯება, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2016 წელს გვქონდა გათვლილი და რიგი მიზეზების გამო გასულ წელს ვერ მოვახერხეთ. ამჟამად უკვე დავაკონკრეტეთ ის კომპანია, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს და თებერვლის შუა რიცხვებიდან ინფრასტრუქტურის მოწყობას დავიწყებთ. გაზაფხულზე დაახლოებით მაისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში ინფრასტრუქტურა იმ კონდიციაში იქნება მზად, რომ ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიის ზონაში ნებისმიერი ტიპის მშენებლობის განხორციელება შესაძლებელი იქნება. წინასწარი მოლაპარაკებები იმ ფაზაშია გადასული, რომ უკვე კონკრეტულ მიწის ნაკვეთების გამოყოფაზეა საუბრობენ და ჩვენც თავისუფალი ინდუსტრიის ზონის მოწყობაში ჩვენი მხრიდან რა ვალდებულებაც გვაკისრია უნდა შევასრულოთ.
- კომპანიებს ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით?
- ამ კომპანიებთან დიდი ხანია კონტაქტი გვაქვს, ჩვენ ჩვენი ვალდებულებები გარკვეულწილად შესრულებული არ გვქონდა და აღნიშნული მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლას ვერ ვახერხებდით. შესაბამისად ჩვენ საბოლოოდ იმ კონდიციამდე მივედით, რომ ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად მზად ვართ და ისინიც გარკვეული ინფრასტრუქტურული ინვესტიციის განსახორციელებლად მზად არიან.
- თქვენ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობდით, რომელიც განვითარებას აფერხებს, ეს იქ განხორციელებულ ინფრასტრუქტურას ეხებოდა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში აღმოჩნდა. ამ მიმართულებით თუ არის სიახლე?
- არა სახელმწიფო საკუთრებაში, არამედ ეს ძირითადად ადმინისტრატორის, მმართველი კომპანიის საკუთრებაშია, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ტერიტორიის მოწყობის ვალდებულებას თავისთავად ვიღებთ, მაგრამ ის კომპანია, რომელიც თავისთვის აშენებს, მისი დაინტერესებაა, რომ რასაც ააშენებს მის მფლობელობაში იყოს. ამ კუთხით ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმ პერიოდისთვის, რაც ჩვენ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაგვჭირდება ეს პრობლემაც მოგვარებული იქნება.
- არიან კომპანიები, ვისაც ინვესტიციის ჩადება და ინფრასტრუქტურის განვითარება რეალურად სურთ, მაგრამ ამ მიზეზის გამო თავს იკავებენ?
- ამის გამო არა, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორი იყო ის, რომ მათთვის ჩვენ თვითონ უნდა მოგვემზადებინა აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ეს არის ამ ტიპის კომპანიებისთვის. მეორე ტიპის კომპანიებისთვის, რომლებიც შედარებით ნაკლები მოცულობისაა, მათთვის ფართების მშენებლობას ჩვენ განვახორციელებთ. ამ მიმართულებით უძრავი ქონების საკუთრების პრობლემა არ დგას.
- როგორია თქვენი მოლოდინი, 2017 წელს წინა წელზე უკეთესი იქნება?
- რა თქმა უნდა, ნამდვილად იქნება უკეთესი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კომპანიის გასავითარებლად უკვე საკმაოდ აქტიურად ვდგამთ ნაბიჯებს. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი იქნება იმ კუთხით, რომ ის კომპანიებიც შემოვლენ, ვისთანაც შეთანხმება გვაქვს და პლიუს ამას ჩვენ მეტი საშუალება გვექნება საზღვრებს გარეთ აქტივობები უფრო აქტიურად განვახორციელოთ, საიდანაც დაინტერესება საკმაოდ დიდია. ეს არის უკრაინა, აზერბაიჯანი და ირანი.
- ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფოთის თიზ-ის 75%-იანი წილის შეძენა ჩინურ Energy Company Limited-ს სურს და ამ კომპანიასთან მემორანდუმიც გაფორმდა, როგორია აღნიშნულთან დაკავშირებით, თქვენი შეფასება?
- ეს ნამდვილად ბიძგი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდოდ ფოთის თიზ-ი იმ ტემპებით არ ვითარდებოდა, როგორც ეს თავიდან იყო გათვალისწინებული. ჩინური კომპანიის შემოსვლა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ნამდვილად წაადგება. ფოთის თიზ-ი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებულია, რადგან პორტის ლოჯისტიკურ პროექტებზეა მიბმული და დიდი იმედი მაქვს, რომ მთლიანობაში ჩვენც, ქუთაისიც და ფოთიც საქართველოში ბევრი კომპანიის მოზიდვასა და შემოსვლას შევუწყობთ ხელს. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩინური კომპანიაც უპირატესი პირობების მოსაპოვებლად სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება.




