მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  იანვარი  2017

    ბაგა-ბაღი, რომელიც ახალი საცხოვრებელი კომპლექსის გამო უნდა დაენგრიათ, კვლავ იფუნქციონირებს

    თბილისის საბურთალოს რაიონში, გამსახურდიას გამზირის N23(ა)-ში მდებარე გაუქმებულ საბავშვო ბაგა-ბაღს, სადაც მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა, გამაგრებით-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება. მოეწყობა შენობის შიდა სივრცე და ეზო. ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. ბაღში აღსაზრდელთა ცხრა ჯგუფი გაიხსნება, მათ შორის, ორი ბაგის ჯგუფი იქნება. ​
    ​სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა.
    როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, შენობის ავარიული ნაწილის გამაგრება და მთლიანი ბაღის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 1 318 000 ლარს შეადგენს.


    დავით ნარმანიას განცხადებით, პრაქტიკულად ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე დასრულებულია და ამინდების შესაბამისად, ინტენსიურად მუშაობს მშენებელი კომპანია. „სავარაუდოდ გაზაფხულზე დასრულდება საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის შემდეგაც შენობა აღჭურვება საჭირო ინვენტარით, დაკომპლექტდება პერსონალი და სექტემბრიდან ბაღი ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებს აღსაზრდელებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
    მერიის ინფორმაციით, გამსახურდიას გამზირზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღის ადგილზე შპს „ელზურო“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა მოსახლეობის მოთხოვნით, ტერიტორია, შენობა-ნაგებობასთან ერთად, თბილისის მერიას გადაეცა.
    თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. გადაწყდა, რომ შპს „ელზუროსთვის“, გამსახურდიას გამზირის N23 ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცათ გორგასლის N63-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
    „საბურთალოს რაიონში საბავშვო ბაღზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალია, ახალი ბაღის ასაშენებლად კი ტერიტორიის მოძებნა საკმაოდ დიდი პრობლემაა.

    ამ ბაღის აღდგენით საბურთალოს რაიონში თავისუფალი ადგილების დეფიციტი მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან ბაღი სკოლამდელი განათლებით 350-მდე ბავშვის უზრუნველყოფას შეძლებს“, – განაცხადეს მერიაში.
    ​საბავშვო ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები თბილისის მერთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.

     

     

     

     

     


პარტნიორები